ეროვნული უშიშროების საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა:
„პირველ რიგში, ჩვენ გვინდა გამოვხატოთ მხარდაჭერა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისადმი. მე პირადად მხარდაჭერას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანს. დარწმუნებული ვარ, რომ დესტაბილიზაცია იქნება დაძლეული და ჩვენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება. მინდა დავამშვიდო საქართველოს მოსახლეობა და ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანას არავითარი საფრთხე არ ემუქრება და ვურჩევ სიტუაციის განმუხტვამდე საქართველოს მოქალაქეებმა თავი შეიკავონ თურქეთში გადაადგილებისგან. ჩვენ ამ კონკრეტულ ვითარებასთან დაკავშირებით არ ვაპირებთ საგანგებო ზომების მიღებას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.