ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

როცა საელჩოები საქართველოს მოქალაქეების უფლებებს არღვევენ…

რაში იღებენ ხელფასს ქართველი დიპლომატები და პოლიტიკოსები

„მეტრონომის“ მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს მხრიდან საქართველო-ევროკავშირის შეთანხმების დარღვევაზე იყო საუბარი, სოციალურ ქსელში მრავალი დაზარალებული გამოაჩინა. მათ შორის პარტია „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილიც, რომელიც აღნიშნავდა, რომ გერმანიის საელჩომ მის თანაშემწეს, რომელმაც მიუნსტერის უნივერსიტეტი დაამთავრა და რომლისთვისაც პარლამენტმა ერთწლიანი ვიზა ითხოვა, მხოლოდ ორდღიანი ვიზა მისცა.

საელჩოების მიერ, განსაკუთრებით კი იტალიის კონსულის მხრიდან ვიზების გაცემის უკანონო გართულების, ან არალოგიკური ვადით ნებართვის მიღების შესახებ “New life Global Network”-ის დამფუძებელმა, მარიამ კუკუნაშვილმაც ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, იტალიის საელჩოს კონსული დაუსაბუთებლად ამტკიცებს მოკლევადიან ვიზებს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც კანონით (იმავე შეთანხმებით, რომელიც შედგა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს შორის) ეკუთვნით მრავალწლიანი ვიზები.

როცა “მეტრონომი” ამ საკითხით საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ მათ კონკრეტული ბერკეტი არ აქვთ, თუმცა, თავად საკონსულოში არსებობს გასაჩივრების მექანიზმი და უკმაყოფილების შემთხვევაში უწყება მოქალაქეებს ალტერნატივასაც სთავაზობს. მეწარმეთა ჯგუფს შეუძლია განცხადებით თავად სამინისტროს მიმართოს და ამ შემთხვევაში საგარეო უწყება კონკრეტულ საელჩოსთან მედიატორის როლს შეასრულებს.

ბუნებრივია, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა, მაშინ როცა ბიზნეს-პერსონას სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება. მითუმეტეს, რომ მრავლად არსებობენ კონკრეტული საელჩოებით უკმაყოფილო საქართველოს სხვა მოქალაქეებიც.

რა ბერკეტი აქვს ხელისუფლებას და ოპოზიციას საელჩოების სავარაუდო თვითნებობის საწინააღმდეგოდ? როგორც აღმოჩნდა, ქართველი პოლიტიკოსები საკითხის მიმართ საქმის კურსშიც არ არიან და საგარეო საქმეთა სამინისტროს უცდიან, კონკრეტული განცხადებებით, რის შემდეგაც გაურკვეველია როგორი შედეგი დადგება.

„მეტრონომთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ თუ საელჩოების მხრიდან ხელოვნურად ხდება ვიზების გაცემის შეფერხება, ან დაუსაბუთებლად, მცირე დროის ვიზის მინიჭება, ამაზე ზომებია მისაღები. თუმცა ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა განაცხადოს:

ნუკრი ქანთარია: „საქმის კურსში არ ვარ, უფრო ზუსტად უნდა მქონდეს ინფორმაცია. თუ ხელოვნურად ხდება გაჭინაურება, ზომებია მისაღები. ალბათ მათ აქვთ არგუმენტები, ამიტომ ძნელია ჩემთვის გარკვეული, მკაფიო პასუხის გაცემა.

ზოგადად, ცოტა ხანში ვიზალიბერალიზაციას მივიღებთ და ასეთი პრობლემები ალბათ აღარ იქნება. თუ ხელოვნურად ხდება საელჩოების მხრიდან ვიზების გაჭინაურება, ამაზე ხმამაღლა უნდა ითქვას. საელჩოების მიმართ შეტევებს ვერ დავიწყებთ“.

„მეტრონომი“: საუბარია, რომ ხელისუფლება ნაკლებ ყურადღებას უთმობს საელჩოების მხრიდან მსგავს საქციელს. როგორი უნდა იყოს ხელისუფლების რეაქცია?

ნუკრი ქანთარია: „ჩვენთვის ძნელია პირდაპირ დავალდებულება. მოგეხსენებათ საელჩო რას წარმოადგენს და ვის მართვაშია. ამიტომ ძნელია ასე ჩაერიოს ადამიანი, თუმცა თუ არგუმენტები არსებობს, შესაძლებელია ამაზე განცხადების გაკეთება და ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა“.

„მეტრონომთან“ საუბარში „რესპუბლიკური“ პარტიის წევრი, ლევან ბერძენიშვილიც ზედმეტად დიპლომატიური გამოდგა და თავი შეიკავა მძაფრი პოლიტიკური შეფასებებისგან. თუმცა ფაქტია, რომ მსგავს პრობლემასთან შეხება მასაც ჰქონდა. როგორც ჩანს, საელჩოების მიმართ ხმამაღალ განცხადებებს ის პოლიტიკური პერსონებიც ერიდებიან, რომლებიც თავად დაზარალდნენ.

ლევან ბერძენიშვილი: „ჩვენ მივწერეთ წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროს და მათგან პასუხი ვერ მოვიპოვეთ“.

„მეტრონომი“: როგორ, რას ნიშნავს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი არ აქვს?!

ლევან ბერძენიშვილი: „ამას მე ნუ მკითხავთ. საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა ჰქონდეს ამაზე პასუხი“.

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, დავით დარჩიაშვილი „მეტრონომთან“ საუბრისას, კითხვაზე, ქვეყანა როგორ უნდა რეაგირებდეს საელჩოების მხრიდან გამოვლენილ თვითნებობაზე, გვპასუხობს, რომ სწორედ ამიტომ არის საჭირო ვიზალიბერალიზაციის მიღება.

დავით დარჩიაშვილი: „საკონსულო პოლიტიკა სხვადასხვა ქვეყნებისა სხვადასხვაგვარია. ამიტომ არის საჭირო წარმატების მიღწევა უვიზო მიმოსვლის დადგენაში.“

„მეტრონომი“: სახელმწიფოს რა პოზიცია უნდა ეჭიროს, როცა მისი მრავალი მოქალაქე ამ პრობლემის შესახებ საუბრობს?

დავით დარჩიაშვილი: „მოქალაქეებს შეუძლიათ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართონ და მათგან პასუხი აუცილებლად უნდა მიიღონ.“

სანამ პოლიტიკოსები ამგვარ პრობლემებზე შეფასებებისგან თავს შეიკავებენ, სანამ ხელისუფლება „საქმის კურსში“ არ იქნება, იგივე ხელისუფლებაში – საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადებენ, რომ  მათ „კონკრეტული ბერკეტი არ გააჩნიათ, სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი მოქალაქეების უფლების დაცვაზე საუბარი ნაადრევია.

დასკვნის სახით კი შემოგთავაზებთ იმ მოქალაქეების ნაწილის განცხადებებს, რომლებიც სოციალურ ქსელში კონკრეტულ საელჩოებს უკანონო გადაწყვეტილებებში ადანაშაულებენ:

გოგი გვახარია: „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტებს, ბიზნესმენებს, ექიმებს.. იმ ხალხს, ვისაც პასპორტში შენგენის სამწლიანი ვიზები ჰქონდა საელჩოები უარს ეუბნებიან მრავალჯერად ვიზებზე და ერთკვირიან, ორკვირიან ვიზებს აძლევენ რიგში დგომის, ანკეტების შევსების და ლოდინის შემდეგ. ნუ დააბრალებთ ახალ საემიგრაციო პოლიტიკას. აგერ რუსეთის მოქალაქეებს საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი 1 დღეში(!) აძლევენ ხუთწლიან მულტივიზებს. იზრუნეთ თქვენს მოქალაქეებზე, დაინტერესდით, აუხსენით ხალხს რა ხდება მართლა და მართლა“.

ლევან ბერძენიშვილი: „გერმანიის საელჩომ ჩემს თანაშემწეს, რომელმაც მიუნსტერის უნივერსიტეტი დაამთავრა და რომლისთვისაც პარლამენტმა ერთწლიანი ვიზა ითხოვა, ორდღიანი (!) ვიზა მისცა.“

მარიამ კუკუნაშვილი: „6 პასპორტი, 100 მდე ქვეყნის მრავალწლიანი ვიზა, და ამის შემდეგ იტალიის კონსულმა მკადრა და მხოლოდ 2 კვირიანი ვიზა მომცა მიუხედავად იმისა 3 წლიანი მქონდა მოთხოვნილი. ამიტომ შემდეგ კვირას თუ კონსული იმ ვიზას არ გამოცვლის (ყოველგვარი თავიდან შემოიტანე საბუთების გარეშე ) მე დემონსტრაციულად ვწვავ იტალიის ვიზას იტალიის საელჩოს წინ .ვისაც მიაჩნია რომ ზოგიერთი საელჩო დაგვცინის ქართველებს, ვიზისა და კონსულის პორტრეტის დაწვის აქციაზე შემომიერთდით. აბა ვნახოთ ვისი აჯობებს!!! აქციის ამსახველი ფოტომასალა გაეგზავნება იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს.“

თამუნა ზარდიაშვილი: „იტალიის საელჩო/საკონსულო თუ ის რაღაც ვიზა მენეჯმენტ-კანტორა ფულის კეთებაზე არიან გადასულები, სამი თვის განმავლობაში ორჯერ “მომემსახურნენ” და ორჯერ გადამახდევინეს ფული, ამ სამი თვეში მესამეჯერ უნდა გავაკეთო აპლიკაცია ისევ შენგენზე იმიტომ, რომ ისევ ორკვირიანი ვიზა მომცეს მიუხედავად წარდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტისა რომ ისევ მიწევდა გასვლა“.

საინტერესოა, როდის უნდა მოხდეს სათანადო რეაგირება ან ქართველი პოლიტიკოსებისგან, ან დიპლომატებისგან, ან საქართველოში აკრედიტირებული იმ ელჩებისგან, რომლებიც ნახსენებია ჩვენს სტატიაში? მხოლოდ მაშინ, როცა საელჩოების წინ საპროტესტო აქციები მოეწყობა და დემონსტრაციულად დაიწვება კანონდარღვევით გამოწერილი ვიზები? ან რომელი მხარის იმიჯზე იმოქმედებს დადებითად მსგავსი აქციები…

იქნებ კითხვა სხვანაირად უნდა დაისვას: საერთოდ, საქართველოში არსებობს ისეთი პოლიტიკოსი და დიპლომატი, რომელიც თავის პოლიტიკურ კარიერას ერთი მოქალაქის უფლების დაცვით იწყებს?

რბილად რომ ვთქვათ, საწყენია, როცა ქართველი პოლიტიკოსები, იმის მაგივრად, რომ თავად გამოიჩინონ პოლიტიკური ინიციატივა და დღის წესრიგში დააყენონ თუგინდ ერთი ადამიანის უფლების შელახვასთან დაკავშირებული პრობლემა, ისინი ჩვენთან საუბარში თითს საგარეო საქმეთა სამინისტროსკენ იშვერენ და მათთან გვამისამართებენ. თავის მხრივ, საგარეო უწყებაში პრეცენდენტებზე გვესაუბრებიან და დაზარალებულს წერილის დაწერისკენ მოუწოდებენ. „მეტრონომის“ რედაქცია საგარეო უწყებას უგზავნის წერილს ამ სტატიის სახით, სადაც რომ არაფერი ვთქვათ ლევან ბერძენიშვილის კომენტარზე, სადაც ის ამბობს, რომ მსგავსი წერილი კარგა ხნის წინ გაიგზავნა საგარეოში, უამრავი მაგალითია მოტანილი, სადაც აშკარად ჩანს, რომ საქმე გვაქვს საქართველოში მცხოვრები ადამიანების უფლებების დარღვევასთან.

კონკრეტულად: საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლებს ვთხოვთ, ჩახედონ საქართველო-ევროკავშირის შეთანხმებაში აღნიშნულ მე-5 მუხლს, წაიკითხონ ჩვენს სტატიაში მოტანილი ფაქტები/კომენტარები და შეასრულონ ის ვალდებულებები რისი შესრულებისთვისაც ისინი იღებენ ხელფასს ზუსტად ასეთი მოქალაქეების არსებობის გამო.

მანა ნოდია

გენო ჯოხიძე

იტვირთბა....