შსს-მ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1994 წელს დაბადებული ნიკა მ., 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დავით ბ. და 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პაატა უ., ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები აღიარებენ ე.წ. ქურდულ სამყაროს და ე.წ. ქურდულ სამყაროში დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად მოქმედებდნენ.
მათ აქტიური კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ პატიმრობაში მყოფ ერთ-ერთ ე.წ. კანონიერ ქურდთან და დანაშაულებრივი სამყაროს სხვა წევრებთან. ბრალდებულები, მათთან ერთად, სისტემატურად გეგმავდნენ და მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში. ასევე, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები ხვდებოდნენ ქართველ მეწარმეებს, თავს აცნობდნენ, როგორც ე.წ. მომავალი კანონიერი ქურდები, რის შემდეგაც, ქურდული გარჩევების გზით, სთხოვდნენ გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდას. თანხის მოთხოვნას, მათი მხრიდან, თან ახლდა მუქარა და ფსიქოლოგიური ზემოქმედება, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს.