ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

 „თავის ოთახში საწოლში მოკლა“: რა იყო ფონიჭალაში 20 წლის დედის მკვლელობის მიზეზი

წინასწარი ინფორმაციით, ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. „მეტრონომმა“ ექსკლუზიურად, სანდო წყაროსგან შეიტყო, რომ გარდაცვლილ ქალს საყვარელი ჰყავდა, ქმარმა მისი მოკლე ტექსტური შეტყობინებები ნახა, რის შემდეგაც, ოჯახური კონფლიქტის გამო, ცოლი ორ შვილთან ერთად დედამისთან წავიდა. იმავე წყაროს ცნობით, მოკლულის ბავშვები მამასთან გაიქცნენ. ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ეჭვმიტანილია, რომ მეუღლეს სიდედრის სახლში მიუვარდა და მას დანით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მოკლული ქალბატონი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გარდაცვლილის მეზობლის ინფორმაციით, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა მამაკაცმა მკვლელობამდე ცოლს დღისით სცემა. ბაბუამისმა კი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეატყობინა. ბრალდებული დააკავეს, შემდეგ კი ხელწერილით გაათავისუფლეს. მეზობელი ყვება, რომ ღამით ქმარი მას მიუვარდა და თავის ოთახში, საწოლში მოკლა.

შსს-მ მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. 25 წლის მამაკაცი ნოვრაზ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სოფელ ფონიჭალაში, გამთენიისას, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს – 1996 წელს დაბადებულ კიუნაი ი.-ს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კიუნაი ი. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)“- ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....