პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გუშინ გვიანობამდე გაგრძელდა.
დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მაჟორიტარობის 16 კანდიდატი დამტკიცდა:
„დავამტკიცეთ 16 კანდიდატურა, რომლებიც მოიაზრებიან, როგორც სიაში, ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად. ახალ სახეებში თუ შეიძლება ასე ითქვას, იქნება “კონსერვატიული პარტიის” წარმომადგენელიც, რომელიც კენჭს იყრის “ქართული ოცნების” სიით,“- განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
პოლიტსაბჭოს ასევე ესწრებოდა მედიაში თავდაცვის მინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატად დასახელებული ირაკლი სესიაშვილი. მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია თავდაცვის მინისტრად მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ.
სავარაუდოდ სესიაშვილს თელავის მაჟორიტარად წარადგენენ. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, დუშეთში ზაქარია ქუცნაშვილი იყრის კენჭს, ტყიბულში ელისო ჩაფიძეს მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლებს, დედოფლისწყაროში კი შესაძლოა, მაჟორიტარობის კანდიდატი ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ლექსო თამაზაშვილი იყოს.
“ქართული ოცნება” ახალ სახეებს დღეს, 14:00 საათზე, საგურამოში წარადგენს. “მეტრონომის” კორესპონდენტი ოპერატიულ რეჟიმში ადგილიდან მოგაწვდით ინფორმაციას.