„სალომე არის მძევალი, ოღონდ პროკურატურის მძევალი ჩემს დასაშანტაჟებლად“- ამის შესახებ „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილის აცხადებს. ის ადასტურებს, რომ „ცენტრ პოინტ აჭარას“ გაყიდვების მენეჯერ სალომე ჩარკვიანს ფინანსურ დოკუმენტაციასთან წვდომა არ ჰქონდა.
“ არავითარ ფინანსებთან სალომეს წვდომა არ ჰქონია იმიტომ, რომ ძირითადად ფინანსებს და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ვიღებდი მე. სალომე არის მძევალი, ოღონდ პროკურატურის მძევალი ჩემს დასაშანტაჟებლად. ჩემი შანტაჟისთვის იყენებენ სალომეს. ჩემი მთავარი ინტერესი არის, რომ სალომე გამოუშვან სასწრაფოდ. თუ ამაში მართლა სჭირდებათ ჩემი და ჩემი დის ციხეში დაჯდომა, უსიტყვოდ წავალთ. თუ ამაზე ვაჭრობენ, რასაკვირველია სასწორზე სალომე არ დაიდება იმიტომ, რომ ჩვენ ასეთი მორალი არ გვაქვს “ – განაცხადა რჩეულიშვილმა.
შეგახსენებთ, „ცენტრ პოინტის“ ორი თანამშრომელი გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი და „ცენტრ პოინტ აჭარის“ დირექტორი ირაკლი მინდელი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. „ცენტრ პოინტის“’ საქმეზე ბრალდებულებისთვის დღეს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყვიტოს. გუკა რჩეულიშვილის სამართლებრივი პროცედურები მის დაუსწრებლად ჩატარდება, გამოძიებამ მასზე ძებნა უკვე გამოაცხადა. მაია რჩეულიშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ნებისმიერი აღმკვეთი ღონისძიების გაუქმებას ითხოვს. სხვა უფლებადამცველები უკიდურეს შემთხვევაში გირაოზე თანახმა არიან.