პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ დავა უზენაესმა სასამართლომ IDFI-ს დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
მოსამართლემ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება, რომლითაც საგამოძიებო უწყებებს IDFI-ს დირექტორის სასარგებლოდ დაეკისრათ მორალური და მატერიალური ზიანის – საერთო ჯამში 3 ათას ლარზე მეტი ოდენობის ანაზღაურება, მისი უკანონო დაკავების ფაქტზე.
შეგახსენებთ, გიორგი კლდიაშვილი სამართალდამცველებმა 2014 წლის 12 დეკემბერს იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. აღნიშნული ფაქტი ადმინისტრაციულ და არა სისხლის სამართლებრივ დარღვევას წარმოადგენდა, ამიტომ მისი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსება კლდიაშვილის თქმით, არაკანონიერად განხორციელდა.
“პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იქნა დატოვებული ძალაში, რომლის მიხედვითაც, სოლიდარულად საქართველოს პროკურატურას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩემს სასარგებლოდ დაეკისრათ მატერიალური მორალური ზიანის ანაზღაურება,“-განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.