ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ნატო ავღანეთის შეიარაღებული ძალების ფინანსურ მხარდაჭერას 2020 წლამდე გააგრძელებს

ნატო ავღანეთის შეიარაღებული ძალების ფინანსურ მხარდაჭერას 2020 წლამდე გააგრძელებს. მტკიცე მხარდაჭერის მისია კი ავღანეთში 2016 წლის შემდეგაც გაგრძელდება. ამის შესახებ ნათქვამია დეკლარაციაში, რომელიც მხარეებმა ვარშავის სამიტზე მიიღეს. დახურულ შეხვედრაზე ნატო-ს წევრი ქვეყნები და მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ალიანსის პარტნიორები ავღანეთის პრეზიდენტს შეხვდნენ და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  საერთაშორისო კოალიცია გააგრძელებს ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების, მათ შორის პოლიციის, სამხედრო-საზღვაო ძალებისა და სპეცდანიშნულების ძალების გაწვრთნას, კონსულტაციების გაწევას და სხვა სახის დახმარებას.

თავის მხრივ, ავღანური მხარე იღებს ვალდებულებას, გააგრძელოს ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერება, იმოქმედოს ეფექტური სამოქალაქო კონტროლის ფარგლებში, დაიცვას ადამიანის უფლებები, უზრუნველყოს კანონის უზენაესობა და გააგრძელოს რეფორმების გატარება.

ამასთან, როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, განაცხადა,  უახლოეს პერიოდში გადაწყდება, 2016 წლის შემდეგ ავღანეთში რა რაოდენობის კონტიგენტი დარჩება.

იტვირთბა....