ნატო-საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით ახალი ნაბიჯები გადაიდგმება. კერძოდ, ნატო საქართველოს დაეხმარება გააძლიეროს მისი თავდაცვითი, თავსებადობისა და მდგრადობის შესაძლებლობები, რაც ითვალისწინებს საქართველოსთვის სამხედრო განათლებისა და წვრთნების, ასევე სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით დახმარებას. შესაბამისი გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მიიღეს, რაც ერთობლივ განცხადებაშიც აისახა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით ახალი ნაბიჯების გადადგმაზე, რათა დავეხმაროთ საქართველოს, გააძლიეროს მისი თავდაცვითი, თავსებადობისა და მდგრადობის შესაძლებლობები. აღნიშნული ინიციატივები ითვალისწინებს საქართველოსთვის სამხედრო განათლებისა და წვრთნების სფეროში დახმარებას, შესაძლო ნდობის ფონდის საშუალებით და ასევე დახმარებას სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით. მოკავშირეები დახმარებას გაუწევენ საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და საჰაერო მეთვალყურეობის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. მოკავშირეები, საქართველოს თავდაცვისა და მდგრადობის გაძლიერების მიზნით, ორმხრივ ფორმატშიც ახორციელებენ სხვადასხვა პროგრამებს. ჩვენ ასევე უფრო მეტ ყურადღებას მივაპყრობთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას“, – ნათქვამია ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივ განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ როგორც არსებული, ასევე ახალი ინიციატივების მიზანია ალიანსთან საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების და თავსებადობის გაძლიერება. „აღნიშნული ინიციატივები ასევე ეხმარებიან საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, წინ წაიწიოს გაწევრიანების მზადების პროცესში“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც საერთო ჯამში 10 პუნქტისგან შედგება.