„ვარშავის სამიტზე ჩვენ დელეგაციას ზურგს უმაგრებს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი“- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ვარშავის სამიტთან დაკავშირებით, საქართველს პარლამენტის პოლიტიკურმა ძალებმა ნატო-ში ინტეგრაციის მხარდამჭერი დოკუმენტი მიიღეს.
„ვარშავის სამიტზე ჩვენ დელეგაციას ზურგს უმაგრებს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ერთად მიიღეს საქართველს პარლამენტის პოლიტიკურმა ძალებმა, სადაც მხარი აქვს დაჭერილი საქართველოს ნატო-ს კურსს. ეს არის ის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ყველა პარტია როგორც ოპოზიციური, ასევე სახელისუფლო აწერს ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია და მე მადლობა მინდა ვუთხრა ამ პატრიებს, რომ როდესაც ეს ეხება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ქვეყნის ინტერესს, ქართულ პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ უნარი, გაერთიანდნენ და ერთიანი პოზიციით გამოვიდნენ ქვეყნის სასარგებლოდ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
8-9 ივლისს ნატოს სამიტი ვარშავაში გაიმართება. ნატო-ს რიგით 28-ე სამიტი ხვალ გაიხსნება. ეს ნატო-ს ისტორიაში პირველი სამიტია, რომელიც პოლონეთში შედგება. ნატოს ვარშავის სამიტი კიდევ ერთხელ დაუბრუნდება ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის მთავარ პრინციპს, თავისი წევრების კოლექტიურ დაცვას, რასაც არსებითი მნიშვნელობა ენიჭება რუსეთის მზარდი რევანშიზმის პირობებში.
ვარშავის სამიტზე მიიღებენ გადაწყვეტილებას ერაყში ნატო-ს საწვრთნელი მისიის გახანგრძლივებაზე და ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში ალიანსის როლის გაფართოებაზე.
გარდა ამისა, ვარშავის სამიტზე ნატო მიიღებს გადაწყვეტილებას ავღანეთისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგრძელებასა და საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებაზე.