მაგდა პაპიძე იხსენებს განვლილ დროს, თავდაპირველად როგორ ცხოვრობდა გორში, შემდეგ როგორ გადმოვიდა საცხოვრებლად თბილისში და როგორ გაიცნო მისი მომავალი მეუღლე, ომარ ქაფიაშვილი.
„დავიბადე ქალაქ გორში, ჩვეულებრივ კლასიკურ ოჯახში. ვცხოვრობდი დედასთან, მამასთან და უფროს დასთან ერთად. გორში 8 წლამდე ვიყავი, სანამ მამა დაიღუპებოდა. შემდეგ ლანას მოუწია უნივერსიტეტში ჩაბარება თბილისში და შესაბამისად აქ გადმოვედით საცხოვრებლად. გავყიდეთ გორში კუთვნილი ბინა, რაც გაგვაჩნდა და წამოვედით თბილისში. თავიდან ვცხოვრობდით ავლაბარში, რამდენიმე წელი გირაოთი ვცხოვრობდით, შემდეგ, როდესაც დრო გაგვივიდა, გადმოვედით ზაჰესში საცხოვრებლად, სადაც უკვე ბინა შევიძინეთ. იქაც რამდენიმე წელი დავყავით და გადმოვედით ფერაძის ქუჩაზე, ის ბინა კი გავყიდეთ.
მე ვსწავლობდი ფიზიკური აღზრდისა და განვითარების სამედიცინო კოლეჯში, გავდიოდი სხვადასხვა პრაქტიკებს. მაშინვე, როდესაც დიაბეტთან დაკავშირებულ სიმპტომებს გავეცანი, მე თავად იგივე სიმპტომები აღმომაჩნდა. ამის შესახებ ჩემს ლექტორს ვუთხარი, ამიღეს ანალიზი აღმომაჩნდა დიაბეტი, საკმაოდ მაღალი. პირველად ჩემი ხელითვე გამაკეთებინეს ინსულინი და მას მერე, 17 წლიდან დღემდე ვიკეთებ ინსულინს.
ომარი გავიცანი მაშინ, როდესაც ფერაძის ქუჩაზე ვცხოვრობდი. ის მესიჯებს მწერდა, ერთხელაც შემხვდა ქუჩაში და მითხრა, თუ წინააღმდეგი არ ვიქნებოდი, მასთან მიმოწერა მქონოდა. მე ავუხსენი, რომ ამისთვის არ მეცალა, ვსწავლობდი, მაგრამ ძალიან თბილ და გონიერ მესიჯებს ვიღებდი და დავიწყეთ მიმოწერა. მაშინ უკვე 18 წლის ვიყავი, ომარი კი 19 წლის იყო. მაშინ ვსწავლობდი ფიზიკური აღზრდისა და განვითარების სამედიცინო კოლეჯში, ექთან-მასაჟისტის სპეციალობაზე. ომარიმ მითხრა, რომ რიგითი ჯარისკაცი იყო, ვერ ახერხებდა ხშირად ჩემს ნახვას, ამიტომ მიმოწერა გვქონდა. ერთხელ ქუჩაში შემხვდა ბიჭი, რომელიც აღმოჩნდა ომარი, მე მანამდე ის არ მყავდა ნანახი. მას მერე დავიწყეთ ურთიერთობა, ვიყავით შეყვარებულები, შემდეგ დავიწყეთ მომზადება თანაცხოვრებისთვის. შეყვარებულები ვიყავით ერთი წელი. საოცარი შეყვარებულობის პერიოდი გვქონდა, ომარი მაშინაც სულ გადარბენაზე იყო. შემდეგ დავოჯახდით. როდესაც პირველად გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, ჩემს დას, ლანას დავურეკე. ლანამ ომარის დაურეკა. შემდეგ როცა გავიგე, რომ ბიჭი იყო, ომარი ისეთი გახარებული იყო“- ყვება თავის ცხოვრებაზე მაგდა პაპიძე.
შეგახსენებთ, 2015 წლის 20 დეკემბერს მაგდა პაპიძე 5 წლის შვილისა და ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მან ბრალდება უარყო, რის გამოც ნაფიცი მსაჯულების სასამართლო აირჩია. ნაფიცმა მსაჯულებმა მაგდა პაპიძეს რამდენიმე დღის წინ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. მოსამართლემ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომელიც გულისხმობს ორი ადამიანის მკვლელობას განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში.