ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

საკრებულოს კიდევ ერთ დეპუტატს შესაძლოა აუდიტის სამსახურში ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწიოს

უახლოეს მომავალში შესაძლოა აუდიტის სამსახურში საკრებულოს კიდევ ერთ დეპუტატს მოუწიოს ახსნა-განმარტების მიცემა. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”  მიმართავს აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს საკრებულოს წევრის თედო კობახიძის  მხრიდან ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის მცდელობის ფაქტი.

ამ შემთხვევაშიც, საქმე ეხება პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო კვლევების ჩატარებას, თუმცა როგორც ცნობილია, დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო და ის სავარაუდოდ არჩევნების შემდეგ ჩატარდება.

“მეტრონომთან” საუბარში აუდიტის სამსახურის პოლიტიკურ პარტიათა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერის ძმის ქმედებას აუდიტის სამსახური შეისწავლის. თუ კობახიძეს ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი დაუმტკიცდა, მას აუდიტის სამსახური გარკვეულ სანქციებს დაუწესებს.

“საიასგან ინფორმაცია მივიღეთ. წარმოდგენილ ინფორმაციაში ღონისძიების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის. ვიცით, რომ ეს ღონისძიება დაანონსებული იყო. ჩატარდა თუ არა საიას ამაზე ინფორმაცია წარმოდგენილი არ აქვს. დოკუმენტში წაარმოდგენილია საკრებულოს ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ რადგან არჩევნები დაინიშნა ეს ღონისძიება გადაიდო თუ ჩაიშალა. სწორედ ეს უნდა შევისწავლოთ რა მოხდა, ჩატარდა თუ არა ღონისძიება და სწორედ ამის შემდგომ გვექნება საფუძველი გამოვითხოვოთ თუ არა დამატებითი ინფორმაცია თედო კობახიძისგან. დავიბაროთ კითხვები დავუსვათ და ა.შ.” – აცხადებს ზურაბ აზნაურაშვილი.

აუდიტორი განმარტავს იმ სანქციებს, რაც შესაძლოა საკრებულოს წევრს დაეკისროს.

“წინასაარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით, რადგან არჩევნების თარიღი უკვე დანიშნულია. წინაასარჩევნო პერიოდი 8 ივნისიდან დაიწყო და გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. დაბარება არის ჩვენი მხრიდან ინფორმაციის გამოთხოვა დაჩქარებული ფორმით. თუ კობახიძის შემთხვევაში მართალც დადასტურდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი, მაშინ სანქცირებას მივმართავთ. თუ ამომრჩევის მოსყიდვა მოხდა ფიზიკური პირის მხრიდან ხდება ღირებულების ორმაგი ოდენობის დაკისრება, თუ საარჩევნო სუბიექტმა ან კანდიდატმა მიიღო თანხა ესეც ორმაგი ღირებულების გადახდას გულისხმობს”.- აღნიშნავს აუდიტორი.

აღსანიშნავია, რომ ბერაძის და კობახიძის შემთხვევაში აუდიტის სამსახურს არასამთავრობო ორგანიზაციებმა საიამ და “სამართლიანმა არჩევნებმა” მიმართეს, ჩნდება კითხვა რატომ არ ახორციელებს თავად აუდიტის სამსახური საკუთარი ინიციატივით ამგვარ კონტროლს. ზურაბ აზნაურაშვილი განმარტავს, რომ რიმა ბერაძის შემთხვევა მოხდა 30 ივნისს, ხოლო “სამართლიანმა არჩევნებმა” აუდიტის სამსახურს 1 ივლისს მიმართა.

“ჩვენს მიერ ხდება მონიტორინგი. რიმა ბერაძის შემთხვევა მოხდა 30 ივნისს და “სამართლიანმა არჩევნებმა” მოგვმართა პირველ ივლისს. შესაბამისად, გეთანხმებით  მათ უფრო სწრაფი რეაგირება მოახდინეს”. – აცხადებს აზნაურაშვილი.

იტვირთბა....