„ვიზელიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია, რისი პროცედურული გაფორმებაც ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს“, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, 4 ივლისს, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა (LIBE) ძალიან მაღალი შეფასება მისცა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ანგარიშს.
„ეს მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ეს კომიტეტი არის წარმდგენი აღნიშნული საკითხის პლენარულ სხდომაზე. LIBE-ს მომავალ სხდომაზე უკვე კენჭი ეყრება ამ საკითხს, მას შემდეგ რაც შეგროვდება შენიშვნები, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა პარტია, ყველა წარმომადგენელი, თანხმდება. ამ პროცესში აუცილებელი იყო საგარეო საკითხთა კომიტეტის პოზიცია, რომელიც გამოქვეყნდა და ძალიან პოზიტიურია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პროცედურულად ეს საკითხი თანამიმდევრულად მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია და დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღებულია. ამ საკითხს სჭირდება შესაბამისი პროცედურული გაფორმება, რაც შესაბამის სტრუქტურებში ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შემოღებას მხარი დაუჭირა.