საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის თანამდებობიდან შესაძლო გამოწვევაზე კონკრეტული ნაბიჯები ელჩთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
„როგორც კი გაიმართება შეხვედრა, აუცილებლად ამის შესახებ შეგატყობინებთ. შემდეგი ნაბიჯების შესახებ ყველა გაიგებს,“ – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, არჩილ გეგეშიძემ რამდენიმე დღის წინ „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლებაში არსებულ პრო-რუსულ ძალებზე ისაუბრა, მანამდე კი მან სახელმწიფო დეპარტამენტს დაასწრო და ჯონ კერის საქართველოში ვიზიტი დააანონსა. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამერიკაში საქართველოს ელჩისგან განმარტებებს ელოდება. საგარეო უწყებაში იმის შესახებაც დაინტერესდნენ, იყო თუ არა ინტერვიუში ელჩის მიერ გაჟღერებული ფრაზები ჟურნალისტის ინტერპრეტაცია, რის შემდეგაც ინტერნეტგაზეთმა ინტერვიუს კრიტიკული ნაწილის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა.