ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული არმიის კლანჭებისგან თავი სულ ცოტა ხნის წინ დაიხსნა. ახლა კი ტყვეობის შოკისმომგვრელ დეტალებს იხსენებს. 32 წლის იეზიდი ქალი ერაყიდან foxnews-სთან სკაიპით ჩართვისას მისი ცხოვრების ურთულეს, უკვე წარსულში დატოვებულ დღეებზე საუბრობს.
2014 წლის აგვისტო იყო, როდესაც ისლამურმა სახლემწიფომ იეზიდების სოფელს ალყა შემოარტყა. რელიგიური უმცირესობის წევრებმა გადარჩენის იმედი დაკარგეს. ალყაში ყოფნის პირველ დღეებში, მათი სახლები სიღარიბის კოშმარიდან სასიკვდილო ბრძოლის ველად აქციეს. მათ ის მუსლიმი ოჯახებიც დაუპირისპირდნენ, რომლებიც იეზიდებთან თაობების განმავლობაში თანაცხოვრობდნენ.
32 წლის იეზიდმა ქალმა, პირობითად „ზანამ“, რომელმაც არც ვინაობის გამხელა ისურვა და არც სახის გამოჩენა, წელიწადზე მეტხანს ისლამური სახელმწიფოს სექს-მონად გაატარა.
„ჩვენი მუსლიმი მეზობლები მოვიდნენ, გვითხრეს, რომ ბრძოლას არ აპირებდნენ და გვთხოვეს, იარაღები ჩაგვებარებინა, – ამბობს ზანა, – რაც გაგვაჩნდა, ყველაფერი მივეცით. ისინი ისლამური სახელმწიფოს წევრები გამხდარან და ეს არ ვიცოდით.“
ზანამ, რომლის ისტორია ბევრი თავისი თანამოქალაქის ამბავს ჰგავს, ის დღეც გაიხსენა, როცა მის სოფელს, რომელიც სინჯარის მთის ძირში მდებარეობდა, ისლამური სახელმწიფო დაესხა თავს.
„სადაც ასაკოვან ხალხს ნახავდნენ, იქვე ხოცავდნენ. ქალებს და კაცებს ერთმანეთისგან აშორებდნენ, – კაცებს მეჩეთიდან მოათრევდნენ და ხოცავდნენ, ქალები, მათ შორის 8 წლის პატარა გოგოებიც კი, სატვირთო მანქანებზე აჰყავდათ.
ისლამურმა სახელმწიფომ მე, ჩემი ორი და და ჩემი ძმის ცოლი წაგვიყვანა. 13 დღე სკოლაში მოგვათავსეს, – არ ვიცოდით, რა გველოდა. აქ კიდევ 50 ადამიანი იყო, – ქალები და ბავშვები, – ყველანი ერთ ოთახში ვიყავით გაჭედილები. არც წყალი გვქონდა, დაბანა რომ შეგვძლებოდა, ბავშვები ავად იყვნენ,“ – ამ ყველაფერს ზანა ცრემლიანი თვალებით იხსენებს.
ეს მისი კოშმარის დასაწყისი იყო.
ზანა დამტყვევებლებს ატყუებდა, რომ დაქორწინებული იყო, ფიქრობდა, რომ ასე მათ ბოროტ ზრახვებს თავს აარიდებდა. ისინი გოგოს გულგრილად ექცეოდნენ. ზანა ოც ტყვესთან ერთად, ერაყის ქალაქ ტელაფარში, კარგად დაცულ შენობაში წაიყვანეს. 14 წლამდე იეზიდი ქალები აუქციონზე გაყიდეს, დარჩენილი ტყვები კი ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს წარუდგინეს და უთხრეს, რომ ისინი მათ საკუთრებას წარმოადგენდნენ და სირიაში უნდა გაჰყოლოდნენ.
ისლამური სახელმწიფო იეზიდებს „ეშმაკის მსახურებს“ უწოდებს და მათ მკვლელობას, გაუპატიურებას და დამონებას ამართლებს. როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იტყობინება, ისლამური სახელმწიფოს აღზევების შემდეგ, ერაყში მცხოვრები 500 000 იეზიდიდან 200 000 გადააადგილეს ან დახოცეს.
ზანამ შუაღამით გაქცევა მოახერხა და უცხო ოჯახში დახმარების სათხოვნელად მივიდა.
„ვთხოვე, ნათესავებთან დასარეკად ტელეფონი მოეცათ, მეტს არაფერს ვითხოვდი.
ოჯახმა ამის უფლება არ მომცა, მაგრამ ერთი კვირის მანძილზე მაიძულა, მათთვის მემუშავა, შემდეგ კი ისევ მტანჯველებთან დამაბრუნა. ოჯახის წევრებმა დაურეკეს და უთხრეს: „აქ გოგოა, რომელსაც გაქცევა სურს, მოდით და წაიყვანეთ.“ ისინი მოვიდნენ, მე კი ტირილით ვკვდებოდი.“- აღნიშნა ზანამ foxnews-თან საუბრისას.
გაღიზინებულმა დამტყვევებლებმა ზანა ციხის საკანში ჩასვეს, მანამდე კი გამოძიებას აწარმოებდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლო გოგომ გაქცევა. რამდენიმე დღის შემდეგ ზანა სხვა დაწესებულებას გადასცეს და სიკვდილით დაემუქრნენ, თუკი ისლამზე არ მოექცეოდა. გოგონა ათეულობით იეზიდი თანამემამულეების სიკვდილით დასჯას შეესწრო, რომლებიც გაქცევის მოტივის გამო დახოცეს.
ზანა და კიდევ ერთი ქალი ჯიჰადისტებს გადასცეს და მოსულში, ისლამური სახელმწიფოს ციხე-სიმაგრეში საცხოვრებლად გაგზავნეს.
„მან თავის საცხოვრებელში წამიყვანა. ეს იყო პატარა ტურისტული ბინა,“ – ამის გახსენებისას ზანამ თავი დახარა. პირველად ის აქ გააუპატიურეს.
მომდევნო 5 თვის განმავლობაში, მოსულში იმყოფებოდა, ამჟამად, სხვა ჯარისკაცის ხელში, რომელსაც ქალი პატარა ოთახში ჰყავდა ჩაკეტილი. „საჭმელს ვუმზადებდი, ტანსაცმელს ვურეცხავდი და სახლს ვულაგებდი. ძალიან აგრესიული ხდებოდა, თუ ისე არ გავაკეთებდი ყველაფერს, როგორც სურდა, თავდასხმაზე გადმოდიოდა.
მას ვუთხარი, რომ შესაძლოა, ახლა ჩვენს ხალხს ხოცავდნენ, მაგრამ ერთ დღეს ჩვენც ვიძიებდით შურს მათზე.“- აღნიშნა ზანამ.
მომდევნო თვეებში ზანა სხვადასხვა არაბულ ქვეყნებში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების ხელიდან ხელში გადადიოდა, ქალაქებს იცვლიდა. ის იმყოფებოდა სირიაშიც, ისლამური სახელმწიფოს დედაქალაქ რაკაში. ერაყში, ანბარის პროვინციაში ყოფნისას, ერთ-ერთ მოქალაქე ქალთან კომუნიკაცია მოახერხა. „ნომერი ვუჩურჩულე და ვთხოვე, ჩემი ოჯახისთვის დაერეკა. მან მითხრა: „არ იდარდო. ჩვენ ვიცნობთ კაცს, რომელსაც შენი გადარჩენა შეუძლია.
ტყვედ ჩავარდნილი ადამიანების დახმარება ასეთი ადვილიც არაა. მაშველებს ადგილობრივების მოქრთამვა ან გულმოდგინედ დამუშავებული გეგმის მომზადება უწევთ, რომ გოგოები დამტყვევებლებისგან გამოისყიდონ. თავიანთი საყვარელი ადამიანების ტყვეობისგან დასახსნელად, იეზიდი ოჯახები უზარმაზარ ვალებში არიან ჩაფლულნი, რადგან იმ ცოტაოდენსაც ყიდიან, რაც გააჩნიათ. საბედნიეროდ, ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში, ნახევრად ავტონომიური ქურთისტანის რეგიონული მთავრობისგან გარკვეული დახმარება მივიღეთ.“
ზანას შემთხვევაში, ათასობით დოლარი გახდა საჭირო, რომ იგი მაშველს „შეეძინა“ და ოჯახისთვის დაებრუნებინა. ტყვე ქალი 2016 წლის 22 მარტს დაიხსნეს.
ის ახლა ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ დაჰუკში ბანაკში ცხოვრობს, რომელიც ნახევრად ავტონომიური ქურთისტანის რეგიონალური მთავრობის ნაწილია. ზანა საყვარელი ადამიანების დაკარგვის გამო უდიდეს ტკივილს განიცდის: დედ-მამა ისლამურმა სახელმწიფომ დაუხოცა, დები კი მონებად წაიყვანეს.
„ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ მე ისევ ცოცხალი ვარ“ – აღნიშნა ზანამ.
მომზადებულია: www.sazogadoeba.ge