ახალი ამბები მთავარი სამართალი

მეტრონომი სასამართლოდან: „დაიხუროს პროცესი, ეს მე სიცოცხლეს მიწყვეტს“

შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ საბოლოო სიტყვების გაჟღერებამდე განცხადება გააკეთა. მან სხდომის დახურვა მოითხოვა.

„მთელი ამ პროცესების განმავლობაში ჩემი გულწრფელი სურვილი იყო საზოგადოებას მოესმინა სიმართლე და ეს პროცესები ყოფილიყო საჯარო. მე დღეს ვიმყოფები იზოლირებულ საკანში, თუმცა ყოველ დილით ვადევნებ თვალს საინფორმაციო გამოშვებებს. სირცხვილია ხალხო, ვადევნებ თვალს იმ სათაურებს, რომელიც იდება ინტერნეტსივრცეში – ”მაგდა პაპიძე საღეჭი რეზინით” და ა.შ. სირცხვილია ხალხო, არ მაძლევენ საშუალებას. რა პროცესებიც მიმდინარეობს რეალურად, რაც აქ ხდება, სხვა ინტერპრეტაცია მიეცა ამ ყველაფერს და ამ ყველაფერმა ნაფიც მსაჯულებზე იქონია გავლენა. არავის მივცემ უფლებას მსაჯულები ჩემ წინააღმდეგ მომართოს. ჩემი საბოლოო სიტყვაა, რომ დაიხუროს დასკვნითი სიტყვაც… ეს მე სიცოცხლეს მიწყვეტს”. – განაცხადა მაგდა პაპიძემ.

სასამართლომ ბრალდებულის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და განმარტა, რომ დასკვნით სიტყვებში მხარეები აუცილებლად გააჟღერებენ დახურულ სხდომებზე მიმდინარე დეტალებს, მისი თქმით, აღნიშნული დააზარალებს ბრალდებულის ინტერესს.

სასამართლო სხდომა ნაწილობრივ დაიხურა, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, დარეჯან მინდიკაურს სხდომაზე დარჩენის უფლება მისცეს. სხდომა გაიხსნება ვერდიქტის გამოტანისას.

იტვირთბა....