განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, გამოძიება სავარაუდოდ დაიწყება და ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პასუხი უნდა გასცეს, რატომ აფინანსებდა ტერორისტებს. მინისტრის თქმით, აჰმედ ჩატაევთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო დეტალები გამოიკვეთა.
„ეს ცნობილი ტერორისტი თურმე სააკაშვილის აგენტი ყოფილა, რომელსაც აფინანსებდა სააკაშვილი და პასპორტს პასპორტზე უცვლიდა. ცხადია, შესაბამისი მტკიცებულებები უნდა არსებობდეს შესაბამის ორგანოებში. ამაზეც, სავარაუდოდ, გამოძიება დაიწყება და ძალიან საინტერესო იქნება ამაზე მიხეილ სააკაშვილის პასუხები. როდესაც ის ჩამოვა საქართველოში და შებრძანდება მისთვის გამოყოფილ გარემონტებულ ოთახში, ნომერ მე-9 დაწესებულებაში, პასუხები უნდა გასცეს კითხვებს: რატომ აფინანსებდა და რატომ თანამშრომლობდა ტერორისტებთან. ეს არის ძალიან საინტერესო კითხვები. რაც შეეხება, რატომ მოხდა მისი გაშვება? მას ჰქონდა ერთადერთი ბრალი წაყენებული და სხვა მტკიცებულება ჩვენ არ დაგვხვედრია – ეს იყო იარაღის უკანონო ტარება. სააკაშვილის დროს, ვანო მერაბიშვილის მიერ დამუშავებულმა მოწმეებმა მისცეს ჩვენება თითქოს მას ჰქონდა იარაღი, შემდეგ გადათქვეს ეს ჩვენება და თქვეს იარაღი არ ჰქონია. შესაბამისად, მისი დაკავება თუნდაც ერთი წუთით იქნებოდა უკანონო და სავარაუდოდ, გამოძიებას სხვა შანსი, გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი გათავისუფლებულიყო, არ ჰქონდა“, – განაცხადა სუბარმა. მისი თქმით, ყველაზე საინტერესო არის ის, რატომ თანამშრომლობდა და აფინანსებდა ტერორისტებს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, ჩატაევის გვარი თურქეთის ტერაქტის სავარაუდო მომწყობთა სიაში ფიგურირებს.