“აჰმედ ჩატაევი წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი იყო და ის სააკაშვილისგან გიორგი ლორთქიფანიძის მეშვეობით იღებდა დავალებებს”. – ეს განცხადება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში გააკეთა.
სესიაშვილის თქმით, ჩატაევს საქართველოს მოქალაქის ოპერატიული პასპორტი ჰქონდა და საქართველოს უშიშროების დავალებით სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებდა.
“ჩატაევი გამოიყენეს, როგორც შუამავალი ლაფანყურის სპეცოპერაციაში, ადამიანს არავითარი დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი და უცებ ლაფანყურის სპეცოპერაციაში შუამავლად იყენებენ. ამის საფუძველი ის იყო, რომ ჩატაევი აგენტი იყო და მათ მიიყვანეს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მოსალაპარაკებლად. შემდგომ, როგორც აღმოჩნდა, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მთელი ის საქმე, რაც ძალიან ბნელით არის მოსილი, ჩაუვარდათ და თავად ჩვენმა სპეცსამსახურებმა ესროლეს ჩატაევს. სავარაუდოდ, მისი ლიკვიდაცია უნდოდათ, რადგან ჩატაევმა ძალიან ბევრი რამე იცოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა ჩატავევი გადარჩა. იგი ფეხში იყო დაჭრილი. როგორც გია ლორთქიფანიძე (შს მინისტრის ყოფილი მოდგილე) ამბობს, ჩატაევი ორ დღეში კი არ გამოვიდა ტყიდან, არამედ 9 დღის მერე მოხოხავდა, რადგან ფეხზე განგრენა ჰქონდა დაწყებული და საერთოდ ვერ მოძრაობდა. ჩატაევი მესაზღვრეებს ჩაბარდა, რადგან, როგორც ყოფილ აგენტს, იმედი ჰქონდა, რომ ანგარიშს გაუწევდნენ. ჩატაევმა საკუთარ სახელი და გვარი დაასახელა მხოლოდ სამედიცინო პუნქტზე. მესაზღვრეებმა გადაიყვანეს დაჭრილი საავადმყოფოში. ამის შემდგომ უყენებენ ბრალს, უდებენ ორ ხელყუმბარას. ეს დასტურდება უკვე მოგვიანებით, შესაბამისი ჩვენებებით, რომლებსაც იძლევიან მესაზღვრეები, თარჯიმანი, ჩვენებებს იძლევიან კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ქონდათ დავალება, მისთვის ხელყუმბარა ჩაედოთ”.- აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
შეგახსენებთ, REUTERS თურქულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ სტამბოლის ათათურქის აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე აჰმედ ჩატაევია.