სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების ორგანიზატორად აჰმედ ჩატაევის დასახელების შესახებ გავრცელებბულ ინფორმაციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. სააკაშვილს მიაჩნია, რომ საქართველო დიდ საერთაშორისო სკანდალში აღმოჩნდა.
„ვინც ადევნებდა თვალყურს, კარგად ახსოვს, რომ ეს არ იყო ერთადერთი გათავისუფლება, რომელსაც მე არასწორად მივიჩნევდი. იქ იყო მთელი რიგი სხვა ადამიანების გათავისუფლება. იყვნენ ისეთებიც, ვინც შეიყვანეს პოლიტპატიმრების სიაში, მათ შორის იყვნენ ნარკოტიკების დიდი რაოდენობით გამსაღებლები და იყვნენ მკვლელებიც. ვფიქრობდი, რომ ეს შეუქმნიდა წინააღმდეგობას საზოგადოების უსაფრთხოებას და ასევე არის მეორე კატეგორია ხალხის, რომელიც უქმნიდა წინააღმდეგობას ქვეყნის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს სახელმწიფოებრიობას. ეს ის ხალხია, ვინც რუსეთის ჯაშუშობისთვის იყო დაკავებული და ეს იყო ასევე აჰმედ ჩატაევი. ეს ჩემი განცხადებები იყო საჯარო, რა თქმა უნდა, მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. ჩატაევი გაუშვეს იმიტომ, რომ ეთქვა, თითქოს ლაფანყური იყო რაღაც სახით პოლიტიკური ოპერაცია, რომელიც ჩვენ დავდგით. ახლა კი აღმოვჩნდით დიდ საერთაშორისო სკანდალში.“-განაცხადა სააკშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი აფეთქების ორგანიზატორი აჰმედ ჩატაევი იყო. ამ დრომდე აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.