ჩეჩნეთის ძალოვანი სტრუქტურები ამტკიცებენ, რომ აჰმედ ჩატაევს საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული.
ამის შესახებ განცხადება ჩეჩნეთის ვედენის რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილემ გააკეთა.
აბუფეტ მუჰადინოვის თქმით, სტამბოლის ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი უკრაინამ საქართველოს გადასცა და ამის შემდეგ ის არამხოლოდ ცხოვრობდა საქართველოში, არამედ მოქალაქეობაც ჰქონდა მიღებული, ხოლო 2015 წელს უკვე სირიაში გადავიდა.
მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ სპეცსამსახურების მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, აჰმედ ჩატაევი შესაძლოა, ამ დროისთვის თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდეს.
შეგახსენებთ, თურქულმა მედიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორი შესაძლოა, ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი იყოს, თუმცა თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნული ინფორმაცია ამ დრომდე არ დაუდასტურებიათ. ჩატაევის ტერაქტთან შესაძლო კავშირი საქართველოში თურქეთის ელჩმაც უარყო.