„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით გუშინ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია 6 თვის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, არასწორია.
გოცირიძის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტს პრობლემები აქვს შემოსავლებისა და ხარჯების ნაწილში. მისივე განმარტებით, ბიუჯეტი დეფიციტურია და ფინანსთა სამინისტრო ძველი ნაშთებიდან იღებს თანხებს. ამ პირობებში გოცირიძე არ გამორიცხავს ლარის კიდევ გაუფასურებას და ფასების ზრდას.
“6 თვის ბიუჯეტი ვერ შესრულდა, როგორც შემოსავლების, ასე ხარჯების კუთხით, რაც ზრდის ლარის გაუფასურების და ფასების მატების რისკს. მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია არის შელამაზებული და ნაწილობრივ სწორი. მიუხედავად მთავრობის ოპტიმიზმისა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის იანვარ-მაისში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ მხოლოდ 2,9 პროცენტი შეადგინა. წლის პირველი ნახევარი გამოირჩეოდა გარდა ფისკალური, ასევე მონეტარული არასტაბილურობითაც, რაც ლარის კურსის გაუფასურებაში და მის მკვეთრ რყევებში გამოიხატა. შემოსავლების 6 თვის გეგმა 208 მილიონი ლარით გაირღვა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შემოსავლების გეგმა განსაზღვრული იყო 4,636 ლარის ოდენობით, ფაქტობრივად ბიუჯეტში შემოვიდა 4,428 მილიარდი ლარი. დანაკლისმა 208 მილიონი ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის 6 თვის შემოსავლების მოცულობა 366 მილიონი ლარით ნაკლებია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც მაშინ 4,794 მილიარდ ლარს შეადგენდა”.- აღნიშნა გოცირიძემ.