ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძე პედრო აგრამუნტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პედრო აგრამუნტს, შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი ძირითადად საქართველოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებულ თანამშრომლობას, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, 2016 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და რეგიონში არსებულ ვითარებას შეეხო.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს კონსტრუქციული თანამშრომლობისა და საპარლამენტო ასამბლეის საქართველოზე თანამომხსენებლების აქტიური მუშაობისათვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით არსებულ ფაქტებსაც შეეხო. კონკრეტულად კი ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობას და აღინიშნა, რომ დამნაშავე სათანადოდ უნდა დაისაჯოს.

პედრო აგრამუნტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა გამოხატა. მან ასევე ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციების შესრულების მნიშვნელობას, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღებას.

 

იტვირთბა....