საქართველოში გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება დაიწყეს. ტექნიკური ინსპექტირება დაახლოებით 60 ლარი ეღირება და მას რამდენიმე კომპანია განახორციელებს. ჯერჯერობით მხოლოდ ორი მათგანია ცნობილი: შპს „აირბალონი“ და შპს „გაზინჟინერი“. ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრში ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები ჯერ მხოლოდ ამ ორმა კომპანიამ დააკმაყოფილა. BPN-ის ინფორმაციით, მძღოლები, რომლებიც შეუმოწმებელი ავტომობილით იმოძრავებენ, 100 ლარით დაჯარიმდებიან.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმაც განაცხადა, თავის დროზე ტექნიკური დათვალიერების სრულად გაუქმება შეცდომა იყო და ახლა მთავრობას აქვს გეგმა, მოიწვიოს საერთაშორისო კომპანიები და ტექდათვალიერების ახალი სისტემა დანერგოს. ჯერჯერობით კი, გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმებას უნდა დავჯერდეთ.
ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი პაატა გოგოლაძე აცხადებს, რომ შემოწმების პროცესი უკვე დაიწყო.
“გაზზე მომუშავე მანქანების ინსპექტირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი მომეტებულ საფრთხეს წარმოადგენს. აირბალონის გამო შეიძლება ადამიანის სიცოცხლესაც ზიანი მიადგეს და ჯანმრთელობასაც. ამიტომ, მათი შემოწმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა, თუ რატომ არ იღებს მთავრობა ზომებს, რომ ასეთი შემოწმება დაიწყოს. ამჟამად აკრედიტებულია ორი კომპანია, ხოლო მესამე უკვე აკრედიტაციის პროცესშია. როდესაც კომპანიას აკრედიტაცია აქვს, მას უკვე კანონმდებლობით ენიჭება უფლება, რომ შემოწმება განახორციელოს. ჯერჯერობით ორი ასეთი ორი კომპანია გვყავს: „აირბალონი“ და „გაზინჟინერი“. მალე მათ სხვა კომპანიებიც მიემატებიან, ალბათ სულ ცოტა, 5 კომპანია მაინც იქნება, რომელიც ინსპექტირებას განახორციელებს”. – ამბობს გოგოლაძე.
შპს „გაზინჯინერის“ დირექტორი ნუგზარ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ კომპანია ინსპექტრებისთვის უკვე მზად არის.
“ინსპექტირება უკვე დავიწყეთ. თუ მანქანას ყველაფერი სტანდარტების შესაბამისი ექნება, მასზე სპეციალური სერტიფიკატიც გაიცემა, მაგრამ თუ არ არის სტანდარტებში, როგორც 167-ე დადგენილებაში წერია, მძღოლი დაჯარიმდება. საჯარიმო სანქციის აღსრულება კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა. უცხოეთში გადამზადებული სპეციალისტები გვყავს და იმედი გვაქვს, რომ ისინი ამ საქმეს კარგად გაართმევენ თავს”.
შპს „ეკოტრანსპორტცენტრის“ ხელმძღვანელი ვასილ ურუშაძე კი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ავტომობილების ნაწილის შემოწმება სასურველ შედეგს ვერ მოიტანს.
“ზოგადად აირბალონების შემოწმება სპეციფიკური საქმეა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა სჭირდება. საქართველოში ამისთვის საჭირო ლაბორატორიაც კი არ არსებობდა. ყველამ იცის, რომ აირბალონების მონტაჟი ხდებოდა კუსტარულად, ხშირად მათ ეზოებში მოწყობილ ფარეხებში აყენებდნენ, ამიტომ ისინი ვერანაირ უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებენ, შესაბამისად, ისინი ვერც გაივლიან შემოწმებას. საკითხი არის რთული, ძალიან მნიშვნელოვანი და მისი გადაწყვეტა ასე ერთი ხელის მოსმით ვერ მოხერხდება. საინტერესოა რამდენად მოიცავს ეს ორი კომპანია საქართველოს მთელ ტერიტორიას, ვინადან საკითხი საკმაოდ სერიოზული სჭირდება გამოკვლევა რამდენიმე გაზზე მომუშავე ავტომობილია საქართველოში. ამ საკითხს ძალიან სერიოზული მიდგომა სჭირდება და მხოლოდ აკრედიტაციის ცენტრისა და ორი ორგანიზაციის მეშვეობით ეს რეფორმა ეფექტური არ იქნება. კანონმდებლობით ყველა ავტოტრასნპორტის მფლობელი ვალდებული იყო, ვინც საკუთარ ავტომობილში აირბალონიან სისტემას დაამონტაჟებდა, სადაც დაამონტაჟებდა იმ კომპანიასთან უსაფრთხოების შემოწმება გაევლო, გადაეხადა 60 ლარი და უსაფრთხოების სერთიფიკატი აეღო. ეს იყო ფორმალობა და მხოლოდ 60 ლარის გადახდა ხდებოდა და სერთიფიკატსაც მარტივად აძლევდნენ მანქანის მფლობელს. შესაბამისად თუ ჩვენ ფორმას ვცვლით და ეს უნდა არ უნდა იყოს ფორმალობა. ჩვენი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უნდა ჩატარდეს ტექნიკური დათვალიერების რეფორმა”. – აცხადებს ურუშაძე “მეტრონომთან” საუბარში.
„ეკოტრასპორტცენტრის“ ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია მონიტორინგს გაუწევენ ამ პროცესს, რადგან ძალიან ბევრ სატრანსპორტო საშუალებას საქართველოში დაყენებული აქვს ფეთქებადასაშიში ნივთიერება, რომელიც საფრთხეს უქნის ადამიანებს.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ არა მარტო ამ საშუალებების კონტროლია საჭირო, არამედ გაზგასამართი სადგურებისა. არაერთი შემთხვევა აირბალონების აფეთქებისა სწორედ ამ გაზგასამართ სადგურებში მომხდარა. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ავტომობილების შემოწმება აუცილებელია ყველა პარამეტრით და ეს ერთიან სისტემაში უნდა იყოს განხილული. თუ ავტომობილების შემოწმება ერთიან სისტემაში იქნება მოქცეული, მაშინ მათი შემოწმება უფრო გაადვილდება. აუცილებელია ტექდათვალიერების შემოღება და ყველა სტანდარტის დაცვა. ცალკე აირბალონიანი ავტომანქანების დათვალიერება და ცალკე ტექნიკური შემოწმება ეფექტიანი არ იქნება”. – აღნიშნავს ურუშაძე.