“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, 2014 წლის 1 დეკემბერს გამოცხადებულ საჯარო მოხელეთა კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატის საქმეში, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საბოლოო შეფასების ფორმაზე მერის ყოფილი მოადგილის ალუდა გოგლიჩიძის ხელმოწერა გაყალბებულია.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ დოკუმენტი, რომელზეც გოგლიჩიძის ხელმოწერის გაყალბება დადგინდა, წარმოადგენს მათი ერთ-ერთი ბენეფიციარის, შორენა კუხიანიძის, საბოლოო შეფასების ფორმას:
“შორენა კუხიანიძემ მონაწილეობა მიიღო მერიაში 2014 წლის 1 დეკემბერს გამოცხადებულ კონკურსში. მან ტესტირების ეტაპზე 58 ქულა (მაქსიმალური ქულა-60) დააგროვა, თუმცა გასაუბრების ეტაპის შემდგომ მისი წარდგენა არც ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე არ მოხდა”.
კუხიანიძის საბოლოო შეფასების ფორმაზე, გოგლიჩიძის სახელით განთავსებული ხელმოწერა კომპიუტერული პროგრამის adobe photoshop-ის გამოყენებით არის გაკეთებული.
“ექსპერტიზა მოიცავს მხოლოდ სპეციალიზირებული კომისიის ერთ-ერთი წევრის, კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმებას, თუმცა, ასევე ეჭვქვეშ დგება კომისიის ყველა წევრის მიერ შესრულებული ხელმოწერების ნამდვილობა, ვინაიდან დოკუმენტის დედანზე ნათლად ჩანს, რომ თითოეული ხელმოწერა ერთნაირი ტექნიკური მახასიათებლებით არის შესრულებული.” – აცხადებენ ორგანიზაციაში.
არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დოკუმენტაციაზე გაკეთებული ხელმოწერების გაყალბება და ქულების თვითნებური შემოხაზვა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მსგავსი მანიპულაციები შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო საბოლოო შედეგების შესაცვლელად და სასურველი კანდიდატისათვის მაღალი შეფასების მისანიჭებლად.
“მეტრონომი” მერიასთან დაკავშირებას შეეცადა, დედაქალაქის მმართველი ორგანოდან პასუხს ამ საკითხზე ამ დრომდე ველით.