ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

სასამართლოში სარჩელი დღეს შევა: ტელეკომპანია „მაესტროს“უჩივიან

 

„მაესტროს“ ყოფილი თანამშრომლები, „ბიზნესკონტაქტისა” და “საქმიანის დილის” გუნდი, ტელეკომპანიის წინააღმდეგ დავას სასამართლოში გააგრძელებს.

გასული ერთი თვის განმავლობაში გუნდის მიერ  ინტენსიური მცდელობის მიუხედავად, არხის მენეჯმენტთან სასამართლოსთვის გვერდის ავლით, სხვადასხვა პრობლემა მოეგვარებინათ, მათ შორის სახელფასო ანაზღაურება, მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

”სამართლებრივად არასწორი და უკანონო იყო შპს ”მაესტროს” 2 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის მიზეზიც თანამშრომელთა გაფიცვა გახდა. ეს იყო მათი უფლება და ”მაესტროს” ეს უნდა გაეთვალისწინებინა. ამავდროულად, თანამშრომლებმა დააფიქსირეს, რომ მზად იყვნენ გაეგრძელებინათ შრომითი უფლებამოსილება 30 დღის ვადით და შეესრულებინათ ნაკისრი ვალდებულებები. ჩვენი მხრიდან არაერთგზის იყო მოლაპარაკება მაისის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, ზეპირსიტყვიერად შევთანხმდით მხარეები, რომ ანაზღაურების თარიღად განისაზღვრებოდა 14 ივნისი. ასევე შპს ”მაესტროს” უნდა მოეხდინა ამ 14 დღის ანაზღაურებაც, თუმცა სამწუხაროდ, ”მაესტრომ” დაარღვია შეთანხმება და ერთადერთი გამოსავალი, სამართლებრივი დავაა. მოქმედი კანონმდებლობით, შპს ”მაესტროს” ყოველ გადაცილებულ დღეზე დაემატება გათავისუფლებულ თანამშრომელთა ხელფასის 0.07 %-ის გადახდა, სანამ არ მოხდება მათი მთლიანი გასტუმრება”, – განაცხადა რაისა ლიპარტელიანმა.

სასამართლოში სარჩელს გუნდი დღის მეორე ნახევარში შეიტანს.

პრესკონფერენციას ესწრებოდა „საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი, რომელმაც ჟურნალისტებს სასამართლოში იურიდიული დახმარება შესთავაზა. შეგახსენებთ, „საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის წარმომაგენლობაა საქართველოში.

„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელმა ასოციაციამ“ გუშინვე, მხარდამჭერი წერილი გაავრცელა, რომელიც გაიგზავნა საერთაშორისო ჟურნალისტთა ფედერაციაში.

შეგახსენებთ, რომ  ”ბიზნესკონტაქტისა” და ”საქმიანი დილის” 27 თანამშრომელს „მაესტრომ“უფლებამოსილება შეუჩერა, მიზეზად კი შრომის კოდექსის 36-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა ”ქვეპუნქტი დასახელდა, რაც თანამშრომლების გაფიცვას გულისხმობს.

 

იტვირთბა....