“ნაციონალური მოძრაობა” იუსტიციის მინისტრს სიცრუეში ადანაშაულებს. პარტიაში მინისტრის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურნენ, სადაც წულუკიანი ამტკიცებდა, რომ აჰმედ ჩატაევის გათავისუფლების წინააღმდეგი იყო და გადაწყვეტილება მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა დამოუკიდებლად მიიღო.
პარტიის წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება, მთავარი პროკურატურის მაშინდელ პირველ პირს, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, რადგან ჩატაევის გათავისუფლება პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მოხდა.
“აჰმედ ჩატაევის გათავისუფლება მოხდა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ვითომდა მტკიცებულებების არ არსებობის გამო, რის შემდეგაც მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა აქვს საქართველოს პროკურატურის მაშინდელ პირველ პირს, იუსტიციის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს. მისი მცდელობა, რომ აირიდოს პასუხისმგებლობა და გადააბრალოს ყველაფერი მაშინდელ მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ჩატაევის გათავისუფლებაზე პასუხისმგებელია საქართველოს ხელისუფლება”. – ამბობს კახიძე.
თავად წულუკიანი ირწმუნება, რომ ჩატაევის გათავისუფლების წინააღმდეგი იყო და ამ საკითხზე პასუხისმგებლობა მაშინდელ გენერალურ პროკურორ არჩილ კბილაშვილს ეკისრება.
“ჯერ კიდევ მაშინ მე, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი, წინააღმდეგი ვიყავი აჰმედ ჩატაევის ციხიდან გამოშვების და ვემხრობოდი იმას, რომ ასეთი პატიმრების გათავისუფლებისას, პროკურატურას უფრო მეტი ყურადღება გამოეჩინა. იმ დროს პროკურატურა ახალი გათავისუფლებული იყო ადეიშვილის პოლიტიკისა და წნეხისგან და ბატონი არჩილ კბილაშვილის მმართველობის ქვეშაა ეს მომხდარი. ასეა თუ ისე, ესაა წარსული. ახლა უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად, მათ შორის თურქეთის სახელმწიფოსთან, უფრო აქტიურად, რადგან, როგორც ჩანს, ტერორისტები არიან იმ გეგმების შემუშავების პროცესში, რომელიც ყველაზე დაუცველ მსხვერპლს იღებს მიზანში. ესენი გახლავთ სამოქალაქო პირები, მგზავრები, ტურისტები”. – აღნიშნავს წულუკიანი.
შეგახსენებთ, თურქული მედია სტამბოლის ტერაქტში ჩეჩნურ კვალზე მიუთითებს. მედიის ინფორმაციით, ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი წარმოშობით ჩეჩენი აჰმედ ჩატაევია. მან გლდანის ციხე 2012 წელს დატოვა.
ჩატაევი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მოგვიანებით კი, ის თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ჩატაევი ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დააკავეს.