ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნარმანია და ღურჭუმელია ენმ-ს პასუხობს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ყოფილმა ფინანსურმა დირექტორმა,  ირაკლი ღურჭუმელიამ ენმ-ის წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებას, რომ მან თანამდებობა კორუფციული გარიგებების გამო დატოვა, „რუსთავი 2“-ის ეთერში უპასუხა:

”3 მაისის მერე მანდ აღარ ვმუშაობ. სხვა სამსახურში ვარ და სხვაგან ვმუშაობ. მერიას გუშინ გაუკეთებია განცხადება მთავრობის სხდომაზე. ერთი თვის წინ დავწერე განცხადება. მერე ვიყავი კუთვნილ შვებულებაში”, – განაცხადა ღურჭუმელიამ.

ენმ-ის ბრალდებას თბილისის მერი დავით ნარმანიაც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობა” ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, რადგან ღურჭუმელია შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე არ გათავისუფლებულა:

”შიდა აუდიტი არ დამთავრებულა და შესაბამისად არავის აქვს ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა. ღურჭუმელიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. მას დიდი ხანია განცხადება დაწერილი აქვს, უბრალოდ ახლა მოხდა დაკმაყოფილება მთავრობის სხდომაზე. განსაკუთრებული არაფერი ხდება. ძალიან ბევრი ქაღალდი შეიძლება დავადოთ და ვთქვათ რომ მოცულობითია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დარღვევებია”, – განაცხადა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური დირექტორი ირაკლი ღურჭუმელია თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა, თუმცა, რეალურად, „ის გათავისუფლებულია კორუფციული გარიგებების გამო“, რომელიც აღნიშნულ სამსახურში ხორციელდებოდა და რომელიც შიდა აუდიტის ჩატარების შედეგად გამოვლინდა.

იტვირთბა....