Reuters-ის ინფორმაციით, სტამბოლის ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორი აჰმედ ჩატაევია, თუმცა თურქეთის ხელისუფლება სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან აჰმედ ჩატაევის კავშირს არ ადასტურებს.
როგორც Reuters-ი აღნიშნავს, წარმოშობით ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი გაერო-ს ტერორისტთა სიაშია შეყვანილი. აჰმედ ჩატაევი რუსეთის მიერ იძებნება. რუსეთის გამოძიების ცნობით, ის ექსტრემისტული დაჯგუფების “ისლამური სახელწმიფოს” რიგებში ახალი მებრძოლების გაწევრიანებით არის დაკავებული. რუსული მედიის ცნობით, ჩატაევი სირიაში ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების რაზმს ხელმძღვანელობს.
აჰმედ ჩატაევი 2012 წლის აგვისტოში საქართველოში, ლაფანყურის ოპერაციის დროს ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს. 2012 წლის დეკემბერში თბილისის სასამართლომ ჩატაევს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. თურქული მედიის ინფორმაციით, 2013 წელს აჰმეთ ჩატაევი ექსტრემისტულ დაჯგუფებას “ისლმაურ სახელმწიფოს” შეუერთდა.
ჩატაევი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჯერ გირაოთი გაათავისუფლეს, შემდეგ კი 2013 წლის 18 იანვარს, პროკურატურამ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. აჰმედ ჩატაევი მალევე გაემგზავრა ავსტრიაში, სადაც მას ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა. სწორედ ავსტრიიდან გაემგზავრა ის სირიაში და ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთ ფრთას ჩაუდგა სათავეში, რომელიც დაჯგუფების რუსულენოვან მებრძოლებს მართავს.
შეგახსენებთ, 28 ივნისს თურქეთში მომხდარ ტერაქტს 42 ადამიანი ემსხვერპლა.