„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ გიგი წერეთელი, ეუთოს საპარლამენტო ასამბელის ვიცე-პრეზიდენტად უკვე მეორე ვადითაა არჩეული. ამავდროულად, ის ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციასაც ხელმძღვანელობს. სწორედ ევროპის სახალხო პარტიამ დაასახელა გიგი წერეთელი ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად.
ასამბლეის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ილკა კანევრას (ფინეთი) საპრეზიდენტო ვადა ეწურება და ეუთოს წესდების თანახმად, ხელახალი კენჭისყრის უფლება არ აქვს.
ეუთოს ასამბლეის სესია, რომელზეც გიგი წერეთელი კანდიდატად დასახელდა, გასულ კვირას, ვენაში გაიმართა. გიგი წერეთელი სესიაზე სიტყვით გამოვიდა და შეხვედრები გამართა ასამბლეის ეუთოს ხელმძღვანელს პირებთან.
შეხვედრების ფარგლებში განიხილეს საქართველოში ჩასატარებელი საზაფხულო სესიისა და ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული თემები.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად გიგი წერეთელის წარდგინებას “ქართული ოცნების” წევრების მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ წერეთლის კანდიდატურას ხმას არ დაუჭერენ, რადგან ის „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის თანამონაწილეა:
“მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენი გვარის ადამიანია, ჩვენი ეროვნების ადამიანია, არა მგონია, ერთპიროვნულად და ბრმად ხელები უნდა ავწიოთ მის მხარდასაჭერად”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად საკუთარი კანდიდატურა ჰყავთ სოციალ-დემოკრატებსაც, რომლის მხარდაჭერასაც გეგმავს „ქართული ოცნება“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უმრავლესობას მოუწოდებენ ვიწრო პარტიული ინტერესებით არ იხელმძღვანელონ და მხარი დაუჭირონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის არჩევას.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, გიგი წერეთლის არჩევა საქართველოსთვის პრესტიჟული იქნება. ამავდროულად, „ნაციონალურ“ მოძრაობას აეჭებს ის ფაქტი, რომ გიგი წერეთელს მხარს რუსეთის დეპუტაციაც არ უჭერს:
„საქართველოს კანდიდატს არ უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციის დეპუტაცია. თუ ეს ასეა და ჩვენი ხელისუფლება იზიარებს იმ პოზიციას, რომელიც აქვს რუსეთის ფედერაციის დეპუტაციას, მაშინ ორმაგად უფრო სამწუხარო ყოფილა ეს რეალობა,“ – განაცხდა ენმ-ს წევრმა, სერგი კაპანაძემ.
თავად გიგი წერეთელის პოზიცია თემასთან დაკავშირებით შემდეგია, რომ საქართველომ შანსი არ უნდა დაკარგოს ასამბლეის პრეზიდენტად აირჩიონ:
„სრულიად უადგილოა საუბარი იმაზე, რომ აქ არის მთავარი პოლიტიკური კუთვნილება ან არის მთავარი რაიმე სხვა საკითხი. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ყევლაზე მთავარია საქართველომ არ უნდა დაკარგოს ეს შანსი,“ – განაცხადა გიგი წერეთელმა.
მისი განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ადეკვატური პოზიცია და არ უნდა შელახოს ქვეყნის რეპუტაცია:
„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობა ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლისთვის და ნებისმიერი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი მოვლენა იმიტომ, რომ ეს არის უნიკალური ფორუმი, რომელიც იძლევა საშუალებას იყო ფოკუსირებული არა მარტო შენი ქვეყნის პრობლემებზე და ეს პრობლემები საქართველოს უსაფრთხოების და თანამშრომლობის თვალსაზრისით საკმაოდ ბევრი აქვს. ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს, ასევე გვაქვს დევნილების პრობლემა და ვართ ევროპული ინტეგრაციის აქტიურ ფაზაში. ყველაზე ნაკლებად ჩახედული ადამიანიც კი მიხვდება, რამხელა მნიშვნელობა აქვს ასეთი ინსტიტუტის პრეზიდენტად საქართველოს წარმომადგენლის ყოფნას“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
როგორც წერეთელი აცხადებს, მას აქვს პატივი ორჯერ იყოს არჩეული ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად და ახლა უპრეცედენტო მოვლენაა, როცა ქართველის კანდიდატურა წარდგენილი არის პრეზიდენტის პოსტზე.
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც მხარს გიგი წერეთელს უჭერს. შესაბამისი მხარდაჭერის თხოვნით, მარგველაშვილმა ევროპულ დელეგაციებს მიმართა.
„ბატონ წერეთელს 20 წელიწადზე მეტია ვიცნობ. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე პარლამენტარია და საერთო ინტერესების საფუძველზე კონსენსუსის მიღწევაზეა ორიენტირებული. ის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად ორჯერ იყო არჩეული და ასამბლეის მუშაობაში თითქმის 10 წელიწადია ჩართული. მჯერა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისთვის ის ფასეული ფიგურა იქნება.
უფრო მეტიც, ბ-ნი წერეთელი გახდება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პირველი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის წარმომადგენელი იქნება. მისი არჩევა იქნება ძლიერი სიგნალი ქართველებისთვის, რომლებიც ისტორიულად, საკუთარ თავს ევროპელებად მიიჩნევენ.
აქედან გამომდინარე, ნება მიბოძეთ მხარი დავუჭირო მის კანდიდატურას და ვიმედოვნო, რომ მის არჩევას თქვენი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ექნება“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის წერილში.
გიგი წერეთელმა პრეზიდენტის პოზიციას ადეკვატური უწოდა.
უმრავლესობის მიერ გამოხატულ პროტესტს გიგი წერეთელის კანდიდატურასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, თუკი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა პრეზიდენტად გიგი წერეთელს აირჩევს, ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა იქნება:
”ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ყოველ წელს ახალ თავმჯდომარეს ირჩევს. დღევანდელი მდგომარეობით თავმჯდომარეა ილკა კანერვა. მას ჰყავს ვიცე თავმჯდომარეები. რამდენიმე წელია, რაც გიგი წერეთელი ამ ორგანიზაციის ვიცე თავმჯდომარეა. ასე რომ, თუ მას ასამბლეა თავმჯდომარედ აირჩევს, ეს არც ძალიან ცუდი იქნება და არც ძალიან კარგი – ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა იქნება. სრულიად ბუნებრივია აჟიოტაჟი, რაც ამ თემამ საქართველოში გამოიწვია. მინდა ყველას შევახსენო, რომ აღნიშნული საკითხი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში 57 ქვეყნის დელეგაციის მიერ წყდება და არა საქართველოს დელეგაციის მიერ. 500 ხმაში საქართველოს აქვს სამი ხმა. ასე რომ, რაც არ უნდა გულში მჯიღი ვიცეთ, რომ ვიღაც მხარს უჭერს, ვიღაც – არა, ეს გადამწყვეტი არ არის. გადამწყვეტი იმ პოლიტიკური ჯგუფების პოზიციებია, რაც შექმნილია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში”, – განუცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ საპარლამენტო ასამბლეებში პოლიტიკური ჯგუფები იღებენ გადაწყვეტილებას და არა ინდივიდები, სრულიად ბუნებრივია, რომ ”ევროპის სახალხო პარტია” მხარს უჭერს გიგი წერეთლის კანდიდატურას, რომელიც არის ამ პარტიის წევრი, ხოლო ”სოციალ-დემოკრატთა” კანდიდატს მხარს უჭერს ”ქართული ოცნება”, რომელიც ”სოციალ-დემოკრატიულ” გაერთიანებაში წევრიანდება:
”პირადად მე, “ლიბერალ-დემოკარტიული” გაერთიანების წევრი ვარ და გადაწყვეტილებას ”ლიბერალ-დემოკრატიულ” ჯგუფთან ერთად მივიღებ. ეს გადაწყვეტილებები მიიღება ეუთო-ს მასშტაბით განსახორციელებელ საქმეებზე და აქ შიდა პოლიტიკური სიმპატიები, ანტიპატიები და პერსონალური დამოკიდებულებები არაფერ შუაშია. უნდა ვისწავლოთ, რომ საერთოდ, საერთაშორისო არენაზე ჩვენი შიდა კინკალობები, ბრწკენები, მომწონს – არ მომწონს, ეს არის სირცხვილი. ჩვენ გადაწყვეტილება იმის მიხედვით უნდა მივიღოთ, თუ როგორ აწყობს ეუთო-ს საქმეს, ეუთო-სთვის რა იქნება სწორი და კარგი და რა შეთანხმებები იქნება პოლიტიკურ ჯგუფებს შორის”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის არჩევნები 2016 წლის ივლისში, თბილისში, საგაზაფხულო სესიის მიმდინარეობისას გაიმართება, რომელსაც დაახლოებით 800-ზე მეტი სტუმარი ეყოლება.