“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ირაკლი აბესაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური დირექტორი ირაკლი ღურჭუმელია თანამდებობიდან კორუფციული გარიგებების გამო გაათავისუფლეს, თბილისის სატრანსპორტო კომპანია ეხმაურება:
“მოგახსენებთ, რომ დღეს აბესაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, კერძოდ მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნის პროექტი, არის შუალედური დოკუმენტი და არ წარმოადგენს საბოლოო დასკვნას. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მერიის შიდა აუდიტის საქალაქო სამსახურს საპასუხოდ განმარტებითი დოკუმენტაციით უკვე მიმართა, შესაბამისად კომპანია ელოდება შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის საბოლოო დასკვნას.
რაც შეეხება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური დირექტორის ირაკლი ღურჭუმელიას თანამდებობის დატოვების ფაქტს, ვაცხადებთ, რომ ირაკლი ღურჭუმელიამ განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე პირადი განცხადების საფუძველზე დაწერა და მისი გადაწყვეტილება არ უკავშირდება მერიის შიდა აუდიტის შუალედურ დასკვნას”, _ აღნიშნულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ირაკლი აბესაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირაკლი ღურჭუმელიას თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დაატოვებინეს, თუმცა, რეალურად, “ის გათავისუფლებულია კორუფციული გარიგებების გამო”, რომელიც აღნიშნულ სამსახურში ხორციელდებოდა და რომელიც შიდა აუდიტის ჩატარების შედეგად გამოვლინდა.
აბესაძის თქმით, აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2015 წელს 2014 წელთან შედარებით ავტობუსებმა დღის განმავლობაში დაახლოებით 12 000-ზე რეისით ნაკლები შეასრულეს, ვინაიდან 108 ავტობუსი ტექნიკურად გაუმართავია:
“კომპანიის დირექტორატი გაუარესებული მომსახურების პირობებში ახერხებს დახარჯოს 60 000 ლარი სარესტორნო მომსახურებაში. ასევე ახერხებს სამივლინებო ხარჯებისთვის მილიონობით ლარის დახარჯვას ისე, რომ არც ერთი თეთრი დასაბუთებული არ არის. აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მძიმე კორუფციული შემთხვევებია ტენდერებში, კერძოდ, აუდიტორები წერენ, რომ ზეთისა და დიზელის ხარჯვაზე არასათანადო ხარჯებია გაწეული და ასეულობით ათასი ლარი იფლანგება. დასკვნაში აღნიშნულია, რომ იკვეთება ტენდერების კონკრეტულ კომპანიებზე მორგების მცდელობა. აუდიტორების დასკვნით, დღესაც ნებართვის გარეშე ხორციელდება ვაკე-კუს ტბის საბაგირო გზის მშენებლობა, ვინაიდან აღნიშნული კომპანიის დირექტორი, რომელიც მშენებლობას ახორციელებს და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საკადრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და-ძმა არიან, ანუ იკვეთება ნეპოტიზმი”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მისივე თქმით, დასკვნაში აღნიშნულია, რომ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და ეს საკითხი პროკურატურამ უნდა შეისწავლოს.
მისივე ინფორმაციით, ღურჭუმელია პარლამენტის დეპუტატ გუგული მაღრაძის სიძეა.