ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მარგველაშვილი ბერლინში: „მე აქ ძალიან რთულ პერიოდში ვიმყოფები“

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში კონრად ადენაუერის ფონდში სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა “საქართველოს ევროპული გზის” შესახებ ისაუბრა:

„მე აქ ძალიან რთულ პერიოდში ვიმყოფები. სულ რამდენიმე საათის წინ, საშინელი ტერორისტული აქტი მოხდა სტამბოლში, რამაც ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მეორე მხრივ, მე აქ დრამატულ, პოლიტიკურ დროს ვიმყოფები, როცა ევროპული თანამეგობრობა ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებსა და მომავალს განიხილავს. მე აქ ვიმყოფები, საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი, ევროპული დღის წესრიგით, რომლის განვითარებას და წინსვლასაც აქტიურად ვცდილობთ. ბერლინში ახლახანს ვიზიტით იყო პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი. ეს არის ფიქრის დრო; დრო, როდესაც ვახდენთ ჩვენს წინაშე არსებული დაბრკოლებების, სირთულეებისა და საფრთხეების შეფასებას, საფრთხეების, რომელსაც ტერორიზმის გამოხატულება აქვთ, რაც ასეთი საშინელი და ამაზრზენია ჩვენთვის. მაგრამ ამავდროულად, შეუძლებელია იყოს ამაზე უკეთესი ადგილი იმისთვის, რომ იფიქრო, განიხილო და დაგეგმო მომავალი იმ კოლეგებთან ერთად, რომლებსაც ამ აუდიტორიაში ვხედავ, იმ ხალხთან ერთად, რომლებიც ფიქრობენ, ქმნიან ევროპულ პროცესს და ევროპულ მომავალს.

მე ვარ იმ ქვეყნიდან, რომელსაც უყვარს გერმანია და გერმანელი ხალხი. უკვე აღინიშნა ის განსაკუთრებული ურთიერთობები, რომლებიც ჩვენს მეორე პრეზიდენტს ჰქონდა გერმანელ ერთან. მომავალ წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში გერმანული დიასპორის ყოფნის 200 წლისთავს. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომლის დამოუკიდებლობის აღდგენა მტკიცედ იყო მხარდაჭერილი გერმანიის მიერ და გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და ჩვენთან საელჩო გახსნა. ასე რომ, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა თქვენს ქვეყანასთან. ჩვენ აღტაცებული ვართ გერმანიის საქართველოსადმი მხარდაჭერით, როგორც ბიზნესის სფეროში, ასევე პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით. ჩემთვის პირადად, როგორც ფილოსოფოსისათვის, ორი ქვეყანა – გერმანია და საბერძნეთი, განსაკუთრებულია.

შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო ოთხი მთავრობა, ოთხი პრეზიდენტი, ყველა მათგანი ძალიან მტკიცე და აქტიური იყო საკუთარ ხედვაში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციასთან დაკავშირებით და როდესაც გესმით ეს მოსაზრებები, თქვენ უდაოდ ხედავთ, რომ ესენი არიან განსხვავებული პრეზიდენტები, განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფები, მაგრამ არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილების ერთიანობა – გავხდეთ ევროპული ერების ოჯახის ნაწილი, რაც თავისთავად განსაზღვრულია ჩემი ხალხის კულტურით, რომელიც საკუთარ იდენტობას ბოლო 3000 წლის მანძილზე ავითარებდა. ავითარებდა საკუთარ იდენტობას, როგორც ქრისტიანული კულტურა. ავითარებდა იდენტობას საკუთარი და უნიკალური ანბანით, ავითარებს საკუთარ იდენტობას ისეთ რეგიონში, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვისაა დატვირთული კონფლიქტებით და კონფრონტაციებით, არამედ დიდი იმპერიებისთვისაც იყო კონფლიქტებისა და კონფრონტაციების ადგილი”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კონრად ადენაუერის ფონდში პრეზიდენტის გამოსვლას დიპლომატები, საექსპერტო წრეები, მედიის წარმომადგენლები, ასევე გერმანიაში მცხოვრები სტუდენტები დაესწრნენ.

იტვირთბა....