შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმის განხილვაზე, რომელსაც ნაფიცი მსახულები განიხილავენ, დღეს დაიკითხა თავად ბრალდებული მაგდა პაპიძე. ის ბრალდების მხარემ პირდაპირი დაკითხვის წესით დაკითხა.
ბრალდებულმა ისაუბრა იმ გარემოზე, სადაც ის ქმართან და შვილთან ერთად ცხოვრობდა. მისი თქმით, კორპუსში, სადაც ის ცხოვრობდა, მეზობლებთან თანაცხოვრება შეუძლებელი იყო და ამიტომაც ის იზოლირებულად ცხოვრებას არჩევდა.
„მაგ კორპუსში თანაცხოვრება იყო შეუძლებელი და იზოლირებას იმიტომ ვირჩევდი. მაგ კორპუსში ასეთი ცხოვრებაა: ერთმანეთში შედიან-გამოდიან. მე ასე გაზრდილი არ ვარ. მე გავიზარდე საკუთარ ბინაში, სადაც სულ ჟრიამული იყო. გავდიოდი, არც წუწაობა გამკვირვებია, არაფერი, მაგრამ ის, რომ სამსახურიდან დაღლილი მოვდიოდი, ომარიც დაღლილი მოდიოდა, ხედავდნენ, რომ ერთ ოთახში ვცხოვრობდით. გარკვეულწილად ამოსუნთქვა გინდა ადამიანს და მერე გავდიოდით, ყოველთვის არ შეგიძლია ადამიანს ესაუბრო ერთიდაიგივე პრიმიტიულ თემაზე. რაზე უნდა მელაპარაკა მე ამ საზოგადოებაში?“ – აღნიშნა მაგდა პაპიძემ.
მან ისაუბრა ასევე თავი გარდაცვლილ ქმართან, ომარ ქაფიაშვილთან ურთიერთობაზე.
„ჩვენი ქორწინების პირველი დღიდან მე და ომარი ერთმანეთს სრულიად ვფლობდით. გარდა ცოლ-ქმრული ასპექტისა, ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გვქონდა. როგორც ომარის ჰქონდა მხრებზე მოკიდებული 15 წლისას სიმძიმეები და შრომა უყვარდა, მე 15 წლის ვსწავლობდი, ვვარჯიშობდი და ვშრომობდი. ჩვენი დიდი საერთო უბრალოება და ერთი ფენის წარმომადგენელობა იყო, ეს ძალიან გვაერთიანებდა, ორივე ერთი დონის წარმომადგენელი ვიყავით. ვფიქრობ, რომ იდეალური ურთიერთობა მქონდა ჩემს ქმართან, მიუხედავად ჩვენი ასაკისა, მე ვიყავი 19-ის, ომარი- 20-ის და დღეს მე ვარ 26 წლის და ომარი მეყოლებოდა 27 წლის. ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვქონდა, მე ვიტყვი, რომ მე ვიყავი ომარისთვის იდეალური მეუღლე და ომარი იყო ჩემთვის იდეალური ქმარი. ამას ვამბობ იმიტომ, რომ სწორედ ძალიან ბევრი კონფლიქტი გადავიარეთ ჩვენ ერთად, ძალიან ბევრი პრობლემა გადავიარეთ ერთად, ხელს გადამხვევდა და ამბობდა, ხოლმე – მაგდა ჩემი მოკავშირეაო, ჩემი მარჯვენა და ყოვლისშემძლეაო. ცოლ-ქმრული ასპექტები ზოგჯერ უკან გადადიოდა ინტიმთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ რაც ოჯახი დავიწყეთ, ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი. ვაცნობიერებდით, მეც და ომარიც, რომ არც ერთს მამები არ გვყავდა, ვმუშობდით ორივე მუხლჩაუხრელად.
ცოლ-ქმრულ ასპექტს რაც შეეხება, მე ხმამაღლა ვაღიარე ბერძენიშვილთან ჩემი ურთიერთობა, ხმამაღლა ვთქვი და მესმის ქართული მენტალობისთვის ეს როგორი მისაღებია, მაგრამ ცოლ-ქმრულ ასპექტში არანაკლებ ვიბრძოლებ, როგორც დედა-შვილურ ასპექტში. ამას იმიტომ ვიტყვი, რომ 6 წელი ომარისთვის მე ვიყავი როგორც მეუღლე, როგორც ქალი, როგორც სასურველი, ასევე მზუნველი ცოლი. ასევე მე ვიყავი მისი ინტელექტუალური მკვებავი. ომარის ძალიან გული სწყდებოდა, რომ მას განათლება არ ჰქონდა მიღებული, ამის გამო სამსახურში ვერ წინაურდებოდა, ჰქონდა კომპლექსი საზოგადოებაში თავისი აზრის დაფიქსირების“ – აღნიშნა მაგდა პაპიძემ.
ამაზე პროკურორი მას შეეწინააღმდეგა, მისი თქმით, ომარი სამსახურში სამჯერ დაწინაურდა, რაზეც მაგდა პაპიძემ უპასუხა, რომ მან არ იცოდა, ომარის საქმიანობის შესახებ დაზუსტებულად, ისიც სასამართლო სხდომებზე გაიგო, რომ ის დაწინაურებული ყოფილა.
„მისი უფროსი(მე არ ვიცი რომელი იყო მისი უფროსი), სულ მეუბნება, რომ გადი ეროვნულ გამოცდებზე და ფიზკულტურულში მაინც ჩააბარეო. დიპლომი იყო სახელმწიფო საჭირო, რომ შემდეგ წოდებები მისცემოდა, როგორც ხდება სამხედრო სტრუტურაში. ჩვენ ამისთვის სახლში ვმეცადინეობდით ხოლმე, არ უნდოდა მასწავლებლებთან სიარული, სახლში ვკითხულობდით ყველაფერს. წელს უკვე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ომარი ეროვნულ გამოცდებზე გასულიყო და ჩაებარებინა.
ხმამაღლა ვიტყვი, რომ მე ომარის ძმაკაცი ვიყავი. მე მას გვერდით კაცური ასპექტითაც გვერდით ვედექი. შეიძლება მეგობრებისთვის არ ელაპარაკა, მაგრამ ჩემთვის ელაპარაკა. რაც შეეხება, სამსახურის საქმეს, ჩვენ 7 წელი ისე ვიყავით ცოლ-ქმარი, რომ ომარიმ 3 ადგილი გამოიცვალა, მაგრამ მე არ ვიცოდი რას შვებოდა სამსახურში ის. აქ გავიგე მისი დაწინაურებაც კი, მოწმის დაკითხვისას. ვიცოდი, რომ ის იყო სნაიპერი პროფესიონალი“- განაცხადა პაპიძემ.
მისი თქმით, ომარ ქაფიაშვილს ბოლოს ორი თვის განმავლობაში მის მიმართ გაუცხოება და დისტანცია იყო.
„ცოლ-ქმრული ურთიერთობა გვქონდა სრულიად ნორმალური. ბოლო ორი თვის განმავლობაში ომარი რამოდენიმე დღე მოვიდა სახლში. ბოლო ორი თვე ის ძალიან დისტანციური გახდა, თვითონაც გრძნობდა და არ სიამოვნებდა ეს დისტანცია და მეუბნებოდა, ცოტა ხანი მაცადე, ცოტა ხანი მაცადე. ჩემი მხრიდან ომარის მიმართ დისტანცია არ ყოფილა 14 დეკემბრამდე, მის დაბადების დღემდე. მე შევწუხდი ბოლო თვეებში მისი ამ იზოლირებით, ძალიან დამაეჭვებელი იყო და უზომოდ მწყინდა ეს ყველაფერი“ – განაცხადა მაგდა პაპიძემ.
ბრალდებულმა განაცხადა, რომ ოთარ ბერძენიშვილთან მას ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა, თუმცა ეს სასიყვარულო ურთიერთობა არ ყოფილა. როგორც პაპიძე ამბობს, მას თავისი ქმარი უყვარდა.
„გასაგებია, რომ ოთარ ბერძენიშვილთან აღნიშნულია ინტიმური ურთიერთობა, მაგრამ სასიყვარულო ურთიერთობა სხვა რამეა. თვენახევრის ურთიერთობა, ჩემთვის მაგალითად, სასიყვარულო ურთიერთობა არ არის. მითუმეტეს, რომ ამ უბედურებამდე ჩვენ ერთმანეთს შევხვდით და გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ოფიციალურად ყველანაირი ურთიერთობა შეგვეწყვიტა. ჩვენს ურთიერთობას არანაირი მომავალი არც თავიდან და არც შემდეგ არ ქონია. სწორედ 19 დეკემბერს ვუთხარი, რომ აღარ უნდა მენახა. ბოლოს ბერძენიშვილსაც სულ ომარის პრობლემებზე ველაპარაკებოდი, იშვიათად ვნახულობდი, მაგრამ მაშინაც ეს ხდებოდა.
ბერძენიშვილთან იყო ადამიანური ურთიერთობა, ორჯერ ინტიმური ურთიერთობის შემდეგ ორი გააზრებული ადამიანის მხრიდან დაიდო დასკვნა, რომ ეს ყველაფერი უნდა შეწყვეტილიყო.
მე ჩემი მეუღლე მიყვარდა უზომოდ, დღემდე მიყვარს და 6 წელი ჩემი მეუღლისთვის ვიყავი საუკეთესო მეუღლე. ისეთი წლები გვქონდა გატარებული, როგორიც შეიძლება 40 წლის ადამიანებმა გაიარონ. მე თორნიკეს არავის დავაძახინებდი სხვა კაცისთვის მამას და თორნიკე იყო ჩემი საზომი.
მე განქორწინებას ჩემს მეუღლესთან არ ვაპირებდი, თუ იქნებოდა რამე ასეთი დაგეგმილი ბერძენიშვილთან, მაშინ ცივილურად მოხდებოდა ყველაფერი. რას იზამდა ომარი, ადამიანი იყო და ცივილურად დავილაპარაკებდით. ოთარ ბერძენიშვილმა ძალიან კარგად იცოდა, რომ მე მასთან ურთიერთობის გაგრძელებას არ ვაპირებდი და იცოდა, რომ ჩემი ეს საქციელი მეც არ მსიამოვნებდა, ამიტომ მე ჩემს ქმართან განქორწინებას არ ვაპირებდი“ – აღნიშნა მაგდა პაპიძემ.
დღეს სასამართლო სხდომა ამით დასრულდა, ხვალ სხდომა კვლავ მაგდა პაპიძის დაკითხვით გაგრძელდება, მას ჯვარედინი დაკითხვის წესით დაცვის მხარე დაკითხავს. მომავალში იგეგმება დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეთა დაკითხვა.
შეგახსენებთ, რომ 20 დეკემბერს, მაგდა პაპიძეს ბრალად დასდეს ქმრისა და შვილის მკვლელობა. ის ბრალს არ აღიარებს, სწორედ ამიტომ მისი სურვილით ამ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.