სახალხო დამცველის დასკვნით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან უკანონოდ გაათავისუფლა.
ომბუდსმენმა საკუთარი ინიციატივით შეისწავლა ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი და შესაბამისი დასკვნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგინა.
“საქმის შესწავლის ეტაპზე ომბუდსმენის აპარატი დეტალურად გაეცნო შესაბამის მასალებს; შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ზემოაღნიშული გადაწყვეტილება „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის გვერდის ავლით მიიღო. შესაბამისად, არ გამოიყენეს აღნიშნული კანონით განსაზღვრული დისციპლინური წარმოების პროცედურა, დისციპლინური საქმე არ განუხილავთ და მასზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ორგანოებს, არ დაიცვეს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები, ვერ მოხდა აცილების უფლების რეალიზება და სხვა”. – ნათქვამია სახალხო დამცველის დასკვნაში.
სახალხო დამცველის დასკვნას თავად ახვლედიანი აფასებს და აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოს მისი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენების უფლება არ ჰქონდა.
“თუკი ადამიანი ობიექტურად შეხედავდა ამ საკითხებს, უბრალოდ, შეუძლებელი იყო ამ კანონმდებლობით, ამ ფორმით სასამართლოს თავმჯდომარის, მოსამართლის გათავისუფლება იმიტომ, რომ მსგავსი კანონმდებლობა საერთოდ არ არსებობს. მაშინაც ვამბობდი – ეს იგივეა, ჯანდაცვის მინისტრმა ან ქალაქის მერმა რომ გადააყენოს მოსამართლე. არანაირი უფლებამოსილება და უფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სასამართლოს თავმჯდომარის ამ ფორმით გადაყენებაზე არ ჰქონდა. ეს საკითხი უნდა გადასცემოდა სადისციპლინო კომისიას და უამრავი სხვა პროცედურა გავლილიყო”.- აღნიშნავს ახვლედიანი.
რაც შეეხება იუსტიციის საბჭოს ამ თემაზე ჟურნალისტებთან კომენტარი ლევან მურუსიძემ გააკეთა. მურუსიძის თქმით, საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს.
“აღნიშნული თემა გასაჩივრებულია სასამართლოში. მე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, თავს შევიკავებდი კომენტარისგან. ზოგადად, ყველას მოვუწოდებ, რომ კატეგორიული დასკვნებისაგან შეიკავოს თავი, როდესაც საქმე სასამართლოშია. თუ დაადასტურებს სასამართლო – დაადასტურებს და ვიტყვით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეცდა თავის გადაწყვეტილებაში; თუ საპირისპირო გადაწყვეტილებას მიიღებს – მიიღებს იმას, რაც მივიღეთ ჩვენ. გასაგებია ანგარიში და მოსაზრება, მაგრამ მე ამ თემაზე კომენტარისგან თავს შევიკავებ”. – განაცხადა მურუსიძემ.
შეგახსენებთ, მამუკა ახვლედიანი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან 22 თებერვალს გაათავისუფლეს.