ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ გერმანულ-ამერიკულ ორგანიზაცია GFK-ს სოციოლოგიური კვლევების შედეგებზე ისაუბრა. მათ შორის, „რუსთავი 2“-ის საქმეზე, რომელიც კვლევის მიხედვით, 38-მა პროცენტმა ტელევიზიის სასამართლო პროცესებს პოლიტიკური უწოდა:
„რაც შეეხება “რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებულ გამოკითხვის შედეგებს, მე ვერ მივცემდი ასეთ დახასიათებას, რომ ეს არის პოლიტიკური სახის საქმე, მაგრამ მე ადრეც ვთქვი, რომ „რუსთავი 2“ არის ოპიზიციური წამყვანი ტელევიზია, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე ის დარჩეს ღია”, – განაცხადა იან კელიმ.
ელჩის განმარტებით, კვლევები მხოლოდ ერთ კონკრეტულ სურათს იძლევა:
„მე ეს კვლევის შედეგები არ მინახავს, თუმცა გამოკითხვის შესახებ ვნახე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია და მინდა მოგახსენოთ, რომ ზოგადად ეს კვლევები გვაძლევს მხოლოდ ერთ კონკრეტულ სურათს, დროის ამ მონაკვეთში რა მდგომარეობაა და ამიტომ ეს რიცხვები, რა თქმა უნდა ოქტომბრამდე, არჩევნებამდე შესაძლოა შეიცვალოს”, – განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაცია GFK-მ სოციოლოგიური კვლევები გამოაქვეყნა.
კითხვა შემდეგი იყო: “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით ჩამოთვლილთაგან რომელი უკეთ ასახავს თქვენს დამოკიდებულებას?
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, პასუხები ასე გადანაწილდა – კერძო დავა – 29.3%; პოლიტიკურად მოტივირებულია – 38.9%; ორივე – 14.4%; უარი პასუხზე – 3.8%; არ ვიცი – 13.9%;