რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი “მოამბესთან” ინტერვიუში საქართველოში 8 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე საუბრობს. კარასინი იმედს გამოთქვამს, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები “სენსაციური შედეგით არ დასრულდება”:
“8 ოქტომბერი ძალიან საინტერესო დღეა ჩვენთვის. იმედი გვაქვს, რომ 8 ოქტომბერი ისეთი სენსაციური შედეგით არ დასრულდება, როგორც ბრიტანეთის რეფერენდუმი. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთისთვის სიურპრიზები არ არსებობს. რუსეთი მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის არის მზად”- განაცხადა “მოამბესთან” საუბარში კარასინმა.
გრიგორი კარასინის განცხადებას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე “სამხიარულოს” უწოდებს:
„ჩემთვის ძნელია დავაზუსტო თუ რა ბრძანა ბატონმა კარასინმა, თუმცა სამხიარულოა, რომ ბატონ კარასინს სურს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში სიურპრიზები არ გაჩნდეს. ეს იმდენად აბსურდული სურვილია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც არ მინდა. ნებისმიერი არჩევნები ნებისმიერ ქვეყანში, მათ შორის საქართველოში, არის ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხალხის ნების გამოხატულება. ამიტომ ბატონ კარასინის სურვილი – იქნება თუ არა ეს არჩევნები სიურპრიზებით აღსავსე, მგონი არასერიოზულია“, – აცხადებს თედო ჯაფარიძე.