EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას საქართველოს მხრიდან საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერა ხელი. დოკუმენტზე ხელმოწერა საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ ეკომონიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან შეთანხმების გაფორმება ევროკავშირთან ასოცირების ისტორიულ შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ზუსტად 2 წლის თავზე შედგა. ასოციაციასთან მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე ვადებში, წარმატებით დასრულდა, რის შემდეგაც საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა.
პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამით ქართულ ბიზნესს ეხსნება 14-მილიონიანი ბაზარი. მისი თქმით, მთლიანი ერთობლივი შიდა პროდუქტი, რომელსაც ეს ოთხი ქვეყანა აგენერირებს, 850 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამ ქვეყნებთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ვაჭრობის ყველა მიმართულებას ფარავს, ქართველ მეწარმეებს აძლევს საშუალებას, რათა საკუთარი მომსახურება და პროდუქტები ერთ-ერთ ყველაზე მაღალგადახდისუნარიან ბაზარზე შეიტანონ.
ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციაში (EFTA) შედის ევროპის ოთხი სახელმწიფო: შვეიცარია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და ისლანდია.