თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. ხიდაშელის თქმით, სესიაშვილს მიაჩნია, რომ 21-ე საუკუნეში მონური შრომა ნორმალურია.
„სესიაშვილს აქვს ფილოსოფიური პრობლემა, ჩვენ გვაქვს ხედვების აბსოლუტური არათანხვედრა. მას მიაჩნია, რომ მონური შრომა 21 საუკუნეში ნორმალურია, მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის ნორმალური. ჩვენ ძალიან სხვადასხვა მხარეს ვდგავართ,“- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სესიაშვილის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ორ კვირაში ის შესაძლოა აღარ იყოს თავდაცვის მინისტრი. ხიდაშელი ამბობს, რომ ირაკლი სესიაშვილს ამ საკითხზე პასუხი პრემიერმინისტრმა გუშინ უკვე გასცა.
შეგახსენებთ, გუშინ თინა ხიდაშელმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. სავალდებულო სამხედრო სამსახურზე მხოლოდ თავდაცვის სამინისტრომ თქვა უარი.