შსს რუსეთის მიმართულებით მიმავალი მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს:
„შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმავალი მოქალაქეების საყურადღებოდ აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ ისარგებლონ გზის ალტერნატიული მარშრუტით: ქვემო ქართლიდან წითელი ხიდის სასაზღვრო-გამშვები პუნქტით, ქვემო ქართლიდან ვახტანგისის სასაზღვრო-გამშვები პუნქტით და კახეთის რაიონიდან ლაგოდეხი – ცოდნას სასაზღვრო-გამშვები პუნქტით.
წითელი ხიდისა და ლაგოდეხი – ცოდნას სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით ნებადართულია ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, ხოლო ვახტანგისის გამშვები პუნქტიდან გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მსუბუქი ავტომანქანებით.
სამივე შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის მიმართულებით გადაადგილების მსურველები ჩავლენ ბაქოში და დანიშნულების ადგილზე მახაჩქალის გავლით მოხვდებიან.
25 ივნისს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის დავალებით, რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმავალი მოქალაქეების საზღვრამდე ტრანსპორტირება შსს-ს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით უზრუნველყვეს. 60-მდე ადამიანის გადაყვანა ყაზბეგიდან დარიალის ხეობაში შსს-ს ვერტმფრენებით მოხდა, ხოლო დარიალის ხეობიდან ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე ტურისტები სამართალდამცველებმა მიაცილეს“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.