ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

„თითი მოაჭრა ექთანმა 1 თვის ბავშვს“: კლინიკაში ბრალდებებს უარყოფენ

 

ფეისბუქ-მომხმარებელი მაგდა კალანდაძე საავადმყოფოებში არსებულ  შემაძრწუნებელ რეალობას აღწერს ფეისბუქის პირად გვერდზე. პოსტმა  სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია:

“ალბათ ბოდიში უნდა მოვიხადო იმის გამო, რომ რასაც ახლა აქ ვწერ, აქამდე ვერ დავწერე – მეგობრებს ვუყვებოდი პერიოდულად, ვპირდებოდი, რომ საჯაროდ დავწერდი და ვერ ვქენი. ბოდიში.

მეგონა, მეტსაც შევძლებდი, ვიდრე ფეისბუქის პოსტია, მაგრამ რახან ჩემი ლიზა ცოცხალი დავიბრუნე სახლში (და არა ჯანმრთელი), სხვა ვეღარაფერზე ფიქრი ვერ შევძელი. ჰო, ლიზას საავადმყოფოში ყოფნის ამბავზეა ეს პოსტი.

ბავშვთა ახალ კლინიკაში იწვა ლიზა, ფილტვების ანთებით, პლევრიტით და სითხით ფილტვში. დრენირება არ დასჭირდა, დაემორჩილა ანტიბიოტიკს.

ახლა დანარჩენი.

1) პირველივე დღეს ექთნები ხმადაბლა საუბრობდნენ ერთმანეთში – ვიღაც ექთნის ამბავს ჰყვებოდნენ, გუშინ რომ გაუშვეს სამსახურიდან და ეს როგორ დაემართა. მერე ამბობდნენ, რომ ეს ნებისმიერს შეიძლება, დაემართოს. ზოგი ამბობდა, რომ ეგრეც არ არის. ეს ვერ დაგემართება. მეორე დღეს სხვა მორიგე ექთნებმა რომ გააგრძელეს იგივე საუბარი, ვკითხე, დიდი ბოდიში, მაგრამ მესმის ყველაფერი, და უნდა ვიცოდე, რა შეეშალა ასეთი ექთანს-მეთქი. უი, მოგვკლავს ექიმი, რომ გაიგოს, გითხარითო. მეთქი, დამშვიდდი. თქვი…. თურმე ექთანს მთავარ სისხლძარღვში წამლის მაგიერ კვება გაუშვია (კვება, ანუ, მაგ. “ჰუმანა”). ბავშვს რა მოუვიდა-მეთქი. არ მომკვდარა, მძიმედააო.

მშობლებმა ცოცხალი რატომ დატოვეს ან ექთანი, ან ვინმე ამ გადახურულში-მეთქი. მშობლებს არ გაუგიათ ეს ამბავი, ექთანი სამსახურიდან გაუშვეს და ბავშის მდგომარეობა ისეც მძიმე იყო, უთხრეს, რომ დამძიმდაო. …მეორე დღეს სხვა ცვლას ვკითხე, ის ბავშვი როგორაა-მეთქი. შეცბნენ. უი, იმ ბავშვს სამბალიანი კომა ჰქონდა ისედაც, იმის გაღვიძებას არც არავინ ელოდებაო, მშობლები წელიწადში ერთხელ აკითხავენო. მეთქი, რამდენი წლისაა (უკვე აღარ მჯერა). პატარაა ძალიან, თვეებისო.

მოვკეტე. დამთავრდა ეს ამბავი. არავინ იცის, ის ბავშვი ცოცხალია თუ არა.

2) მოსაწევად ჩავედი. ახალგაზრდა, მაღალი ბიჭი იყო აყუდებულლი კედელს, გარშემო ჩემნაირი, ჩვენნაირი მეგობრები, ტატუებიანი, პირსინგებიანი ტიპები ეხვია, ახალგაზრდა გოგოები, ტიროდა ეს ბიჭი, ჩუმად, ტიროდა ყველა, ჩუმად. ტელეფონმა დაურეკა. შვილი მომიკვდაო. გამახსენდა – დილით, დათო რომ შევცვალე, დათომ მითხრა, ამ დილას გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა 2 თვის ბავშვი, პალატიდან უცებ გადაიყვანეს რეანიმაციაში და არავინ ვიცით, რა მოხდაო. მეთქი, ესაა. ავედი ზემოთ.

 

ავედი და ნახევარ საათში დედის კივილი გაისმა (ლიზამ ამ დროს გაიგო, რომ თურმე ბავშვებიც იღუპებიან – რა მეთქვა. შეშინებული იყო მერე, არ ეგონა, რომ ავადმყოფობამ ბავშვი შეიძლება, მოკლას).

…დერეფანში გავცვივდით (კივილი არ ჩაცხრა, ერთმანეთს ემატებოდა ხმები, ავდექით და გავცვივდით ყველა, ფანჯარას მივასკდით). ამბავს მოჰყვნენ: რაღაც ვირუსით მოიყვანეს ბავშვი, პალატაში იწვა დედასთან ერთად, ვერ ჭამდა თავისით, ზონდი ჩაუდგეს… და აღმოჩნდა, რომ ექთანს არასწორად ჩაუდგამს ზონდი, ღამით საკვები რომ მისცეს, ჩაეღვარა ბავშვს, დედას ეძინა და ვერავინ მიხვდა, რომ იხრჩობოდა. დილით რეანიმაციაში ვეღარაფერი უშველეს. როგორ ჩაეძინაო – დედაზე ამბობდნენ და ამას მოაყოლეს, ექთნებიც იქვე იყვნენ.

3) გამოწერის დღეს. დათო მიყვება: თითი მოაჭრა ექთანმა თვის

ბავშვს. კათეტერს ხსნიდა ხელიდან, მაკრატლით ლეიკოპლასტირს უჭრიდა და თითი მიაყოლა. თითი მიაკერეს, სასწრაფოდ გადაიყვანეს ქირურგიულში, მხოლოდ ფრჩხილი აღარ გაეზრდებაო.

პ.ს. სხვა უფრო “რბილ” შემთხვევებს აღარ ვყვები.

პ.ს.ს. ლიზა სახლში ენტეროვირუსით წამოვიყვანე, რომელიც მერე ყველას გადაგვედო და 2-3 დღე სათითაოდ ყველამ სიცხეებსა და რწყევაში გავატარეთ” – წერს მაგდა კალანდაძე პოსტში.

მოგვიანებით ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალმა კლინიკამ მაგდა კალანდაძის წერილს საკუთარ ფეისბუქგვერდზე უპასუხა. კლინიკა აღნიშნულ ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს და კანონით გათვალისწინებული ზომების მიღებას აპირებს რეპუტაციის დასაცავად:

„ბოლო წლებში მომრავლდა ექიმების მიმართ შეურაცხმყოფელი საუბარი, ცრუ ბრალდებები, თუ როგორი უცოდინარი და უპასუხისმგებლოები არიან. რაც აზარალებს არა მარტო ექიმებსა და სამედიცინო საზოგადოებას, არამედ ზოგადად, საზოგადოებას. მსგავსი სახის უპასუხისმგებლო განცხადებები ლახავს ექიმის რეპუტაციას და თესავს უსაფუძვლო ნიჰილიზმს საზოგადოებაში. დაკარგულია ყოველგვარი ნდობა ექიმსა და პაციენტს შორის, რაც მკურნალობაზეც აისახება. ყურმოკრული, ნაჭორავები და არაპროფესიონალის მიერ გაკეთებული დასკვნები, მოყავთ როგორც უტყუარი ფაქტები. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ დაუსჯელი რჩება ყოველი მსგავსი სკანდალი და ცრუ ბრალდება. თქვენ მიერ მოყვანილი ფაქტების გადამოწმება მარტივად შეიძლება მომხდარიყო, ადგილობრივ ადმინისტრაციასთან კონტაქტით, ან ჯანდაცვის სამინისტროში განცხადების შეტანით, ან სამართალდამცავ ორგანოებში განცხადებით, თუ მართლა შეგტკივათ გული ჩვენს პაციენტებზე. თუმცა, უფრო მარტივია, ფეისბუქზე ცრუ ბრალდებები და რაც უფრო მეტად სკანდალურად გამოიყურება პოსტი,მით მეტი ნახვა აქვს ფეისბუქ გვერდს.რამდენად წარმოგიდგენიათ, რომ კლინიკაში ბავშვებს კლავდნენ, თითებს აჭრიდნენ, ადაპტირებულ კვებებს ვენაში უსხამდნენ და ამ პაციენტების მშობლები მშვიდად უყურებდნენ ამ ყოველივეს და ასეთი კლინიკა იყოს ყველაზე მოთხოვნადი კლინიკა, ისე რომ ყოველთვის პაციენტის განთავსებისთვის ადგილების უკმარისობა იყოს? სწორედ ამ კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამეტში განკურნეს თქვენი შვილი და ბოლომდე გამოჯანმრთელებული გაწერეს, რასთან დაკავშირებითაც გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, თუმცა, ეს ინფორმაციაც დამახინჯებულად არის საზოგადოებისათვის მიწოდებული.

ჩვენი კლინიკა მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რათა დაიცვას თავისი საქმიანი რეპუტაცია და არ დაუშვას უპასუხისმგებლო პირთა მხრიდან ცრუ ინფორმაციის გავრცელების გზით კლინიკისა და მისი სამედიცინო პერსონალისათვის ზიანის მიყენება.

ადმინისტრაცია“ – ნათქვამია კლინიკის პასუხში.

იტვირთბა....