ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რა აღმოაჩნდა მაგდა პაპიძის შვილს მარჯვენა ხელის ფრჩხილებზე: „მეტრონომი“ სასამართლოდან

დღეს კვლავ განახლდა ქმრისა და 5 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმის არსებითი განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით.

მოწმის სახით კვლავ ექსპერტები და გამომძიებლები იკითხებიან. ექსპერტ ლალი ნიკოლაიშვილის თქმით, 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილს მარჯვენა ხელის ფრჩხილებზე აღმოჩნდა მაგდა პაპიძის ტანსაცმლის მიკრონაწილაკები.

ექსპერტის თქმით, იმისათვის რომ ფრჩხილებში აღმოჩნდეს ტანსაცმლის მიკრონაწილაკები, კონტაქტი უნდა იყოს მჭიდრო.

ლალი ნიკოლაიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მაგდა პაპიძის მარჯვენა ხელის ფრჩხილებში აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის შარვლის მიკრონაწილაკები.

საქმის კიდევ ერთმა გამომძიებელმა ალექსანდრე ფოცხვერაშვილმა, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა, აღნიშნა, რომ ბრალდებულის დამ ლანა პაპიძემ მოითხოვა მანქანა და ოქროულობა, მან კი განუმარტა, რომ აღნიშნული გამოძიებამ ნივთმტკიცებად ამოიღო. ფოცხვერაშვილმა ისაუბრა ლანა პაპიძის ჩვენებაზეც და მის ბრალდებებს უპასუხა.

“მე მას წავაკითხე მისი დაწერილი ჩვენება. ამის შემდეგ ლანა პაპიძემ ყოველგვარი ძალდატანების შემდეგ მოაწერა ჩვენებას ხელი. ლანა პაპიძემ ისეთი პირადი დეტალები მოყვა ჩვენებაში, რომ მე რომ მაბრალებს, თითქოს მე დავუწერე ჩვენება, მე ვერანაირად მეცოდინებოდა ეს დეტალები” – განაცხადა ფოცხვერაშვილმა.

მაგდა პაპიძემ გაახენა მას ფიზიკური დაზიანებები, რომელიც მისი თქმით სამართალდამცველებმა მიაყენეს და წარმოადგინა ციხის ექიმის მიერ გამოკვლეული დაზიანებების დამადასტურებელი საბუთი.

“ეს არის საბუთი, რა დაზიანებები აღმენიშნებოდა მე, რომელსაც თქვენ და გამომძიებელი ნათელაშვილი კატეგორიულად უარყოფთ. რატომ უარყოფთ, რაში დაგჭირდათ, როგორც ბრალდებულის ასეთი წამება თუ ასეთი მტკიცებულებები გქონდათ ჩემ წინააღმდეგ? “- მიმართა ბრალდებულმა გამომძიებელ ფოცხვერაშვილს.

გამომძიებელმა უარყო ბრალდებულის წამების ფაქტები და აღნიშნა, რომ ეს დაზიანებები არ არის გამორიცხული ბრალდებულს მიეღო მკვლელობის დღეს.

დაცვის მხარემ გამომძიებელს მიმართა კითხვებით: “გამოძრავებთ თუ არა რაიმე ინტერესი ამ საქმეზე? იცნობდით თუ არა გარდაცვლილ ომარ ქაფიაშვილს, გაქვთ თუ არა მასთან რაიმე სახის ნათესაური კავშირი?”- აღნიშნულ კითხვებზე გამომძიებელმა უარყოფითი პასუხები გასცა.

შეგახსენებთ, მაგდა პაპიძეს ბრალი შვილისა და ქმრის მკვლელობაში 2015 წლის 20 დეკემბერს წარუდგინეს. ის ბრალს არ აღიარებს, სწორედ ამიტომ მან თავად მოითხოვა, რომ მისი საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ.

 

 

იტვირთბა....