ცენტრალურ აფრიკაში სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროების სავარაუდო მონაწილეობაზე თავდაცვის მინისტრმა საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ისაუბრა. ხიდაშელის თქმით, ამ საკითხზე გაეროს, ევროკავშირის სამშვიდობო მისიებთან და ნატოში დისკუსიები გამართეს.
„არავის არ სჯერა ბრალდებების, მაგრამ ბრალდებები ძალიან მაღალი ტრიბუნებიდან გაისმა და მათზე პასუხები უნდა გაიცეს,“- განაცხადა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რამდენიმე კვირის წინ გამოძიების წინასწარი შედეგებით გაეროს შტაბ ბინაში იმყოფებოდა.
„ჩემი პოზიცია და მოთხოვნა არის ძალიან კატეგორიული, რომ ამ პროცედურების დასრულების შემდეგ, პრაქტიკულად, ბოლო ეტაპზე ვართ, იმავე ტრიბუნებიდან, იმავე სიმაღლიდან და იმავე პათოსით უნდა მოხდეს ამ ბრალდებების უარყოფა,“- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 3 გოგონა ქართველ ჯარისკაცებს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უცხოური სამხედრო შენაერთების მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის გაუპატიურების შესახებ ბრალდებებზე გაეროს უმაღლესმა კომისარმა განცხადება 29 იანვარს გააკეთა.