დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიას ეწვევა.
გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური პრეზიდენტის შეხვედრა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის, რომელიც ისლანდიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და შვეიცარიას აერთიანებს; ასევე, გაიმართება შვეიცარია-საქართველოს ბიზნესმიღება.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე, ტურიზმის, მეწარმეობის, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია იმყოფებიან.