ახალი ამბები მთავარი

“მაშინ გადაახურდავეთ ვალუტა, როცა ყველაზე მეტად გჭირდებათ”

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი,  დიმიტრი ქუმსიშვილი  ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესს გამოეხმაურა. მისი თქმით,  ლარის გაუფასურება ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შედეგია:

„ეს არის ერთჯერადი გავლენა, რომელიც მოხდა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლიდან გამომდინარე, რამაც გამოიწვია ევროს შესუსტება და დოლარის გამყარება და თავისთავად აისახა ჩვენ ვალუტაზე. თუმცა, ამავე დროს მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ მაშინ იყიდონ ვალუტა, როცა ეს სჭირდებათ და მაშინ გაყიდონ, როცა ეს სჭირდებათ იმიტომ, რომ ძალიან ხშირად მოსახლეობა გადაწყვეტილებას არასწორ დროს იღებს. როგორც წესი, ისინი ყიდიან ვალუტას ყველაზე ცუდ კურსში და აკეთებენ ამას პირიქითაც ყველაზე ცუდ კურსში. ძალიან მინდა, ყველას ვთხოვო, რომ მაშინ მოახდინოს ვალუტის გადახურდავება, მხოლოდ იმ დროს, როცა ყველაზე მეტად სჭირდებათ ყველანაირი მოლოდინების გარეშე,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2941 ლარია. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.2431 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0510 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.5377 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.5603 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0226 ლარი შეადგინა.

იტვირთბა....