ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„წარმატებული რეფერენდუმი პუტინისთვის და ტერორისტებისთვის“

დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების არჩევანი ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით მსოფლიო მედიის განხილვის თემაა. მედიისთვის დღის “ჰედლაინმა” ციფრებში ასახვა მალევე ჰპოვა. ბრიტანული ფუნტი, პირველადი შედეგების გამოცხადებისთანავე 31-წლიან მინიმუმამდე დაეცა.

ერთი ფუნტი 1, 35 დოლარზე დაბლა ჩამოვიდა, მსგავსი მაჩვენებელი კი 1985 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. გაერთიანებლი სამეფოს ეროვნული ვალუტა ბოლო რამდენიმე საათში 11%-ით გაუფასურდა. ბრიტანეთის საფონდო ბირჟა კი 2008 წლის შემდეგ ყველაზე მეტად შემცირდა. FTSE 100 ინდექსი თითქმის 8%-ით დაეცა, ხოლო The Independent-ის ინფორმაციით, HSBC-ის აქციების ფასი ჰონგკონგის ბირჟაზე  – 11%-ით.

ეკონომიკური შედეგის გარდა ქვეყანაში პოლიტიკური რყევებია. რეფერენდუმის გამოცხადებიდან მალევე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა, რომელიც ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყო გადადგომასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება.

მსოფლიოს თითქმის ყველა ლიდერი თანხმდება, რომ ევროკავშირისთვის ბრიტანელების ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმე იქნება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის შეფასებით, ევროგაერთიანების 27 სახელმწიფო ერთიანობის შენარჩუნებას შეეცდება. როგორც ჩანს, ევროგაერთიანებაში დღეს ეს ნომერ პირველი ამოცანაა.

“რეფერენდუმის სხვანაირი შედეგი გვსურდა. გაცნობიერებული მაქვს, რამდენად სერიოზული და დრამატულია პოლიტიკური თვალსაზრისით ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა. ჯერ ძალიან ადრეა, ვიწინასწარმეტყველოთ, როგორ პოლიტიკურ შედეგს მოუტანს ეს გადაწყვეტილება ბრიტანეთსა და ევროკავშირს. ეს არის ისტორიული მომენტი, თუმცა, არ არის ისტერიული რეაქციებისთვის შესაფერისი დრო. გარწმუნებთ, რომ ნეგატიური სცენარისთვის მზად ვართ. შემიძლია, ევროკავშირის უკვე 27-ვე ლიდერის სახელით ვთქვა, რომ ჩვენ მტკიცედ ვართ განწყობილი, ერთიანობა შევინარჩუნოთ. ბოლო წლები ევროკავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, თუმცა, რაც არ გკლავს, გვაძლიერებს”. – განაცხადა ტუსკმა.

ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის ლიდერის გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მიერ გაკეთებული განცხადება იმის მანიშნებელი იყო, რომ ევროკავშირი ხვდება იმ შეცდმებს რაც მის წიაღში არსებობს და ამ საკითხზე მუშაობას იწყებს.

“დღევანდელი დღე არის “ჭრილობა” ევროპისთვის. ორშაბათს ბერლინში ჩამოვლენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და იტალიის პრემიერი მატეო რენცი, რათა ვიმსჯელოთ მომდევნო ნაბიჯებზე. არსებობს პრობლემები, რომლებიც დღეს Brexit-ის რეფერენდუმმა დაგვანახა, უნდა ვიმუშაოთ ამაზე”. – აღნიშნავს მერკელი.

განცხადება გააკეთა ევროკავშირის რიგით მეორე სახელმწიფოს პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმაც.

“ბრიტანეთმა გადაწყვიტა დატოვოს ევროკავშირი. ეს სამწუხარო გადაწყვეტილებაა ევროპისთვის, თუმცა საფრანგეთი რჩება ბრიტანეთის მეგობრად.” – განაცხადა ოლანდმა.

ცოტა ხნის წინ, The Guardian-მა მოჭადრაკის გარი კასპაროვის სტატია გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი წერს, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა, ევროკავშირის დასუსტება და შემდგომ დაშლა მხოლოდ რუსეთის ინტერესშია.

“პუტინის მიზანია ისეთი ინსტიტუტების დასუსტებ, როგორიცაა NATO და ევროკავშირი, ვინაიდან სწორედ ეს ორგანიზაციები, მის ნეოსაბჭოთა ამბიციების განხორციელებას ხელს უშლის. კრემლი გლოვობდა მაშინ, როდესაც შოტლანდიამ დიდ ბრიტანეთში დარჩენას მხარი დაუჭირა. პუტინი ევროპას მიიჩნევს მტრად და სურს მისი მოწინააღმდეგეების დანაწევრება, დაპატარავება და დასუსტება. პრინციპი „დაყავი და იბატონე” ახალი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი აღარ არის ეფექტური. პუტინის 16-წლიანი მმართველობის პერიოდში, მან კარგად ისწავლა თუ როგორ მოძებნოს ევროკავშირის ლიდერებს შორის ყველაზე სუსტი და ყველაზე დამყოლი თვსებები, შემდეგ კი ისინი ერთიანი ევროპის წინააღმდეგ გამოიყენოს”. – წერს კასპაროვი.

რეფერენდუმიდან ცოტა ხნის შემდეგ რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა. კრემლში მიაჩნიათ, რომ გუშინ ბრიტანეთის მოსახლეობამ იმ უთანხმოებას, პრობლემებს მოჰფინა ნათელი, რაც ევროგაერთიანებაში არსებობს.

“რეფერენდუმმა ევროკავშირში არსებულ უთანხმოებას ნათელი მოჰფინა. აშკარაა, რომ უწყების წარმომადგენლებს ფუნდამენტურ საკითხებზე ურთიერთსაწინააღმდეგო და განსხვავებული პოზიცია აქვთ. პირველ რიგში,  ეს ევროკავშირში ინტეგრაციას ეხება. რასაკვირველია, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბრიტანეთის პარლამენტი და მთავრობა პლებისციტის შედეგების მიხედვით”, – ნათქვამია განცხადებაში.

რა შედეგს მოუტანს ევროკავშირს გაერთიანებული სამეფოს ეს გადაწყვეტილება და რა გავლენას იქონიებს ეს საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე. ეს ის საკითხებია, რომელიც Brexit-მა საქართველოში გააჩინა.

დასავლური მედია აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ, ევროკავშირში პოლონეთის პოლიტიკური გავლენა გაიზრდება. პოლონეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა და თუ მისი გავლენა გაიზარდა ეს საქართველოსთვის ძალიან კარგი იქნება.

“პოლონეთის გავლენა ევროკავშირში ისედაც იზრდებოდა, თუმცა ბრიტანეთის გასვლა ამ პროცესს რამდენად დააჩქარებს არ ვიცი, მაგრამ პოლონეთი ბევრ კომპონენტში მაგალითად, უსაფრთხოების თვალსაზრისით ძლიერი სახელმწიფოა. მისი აღმოსავლეთ პოლიტიკა ბევრად უფრო პოზიტიურია, ვიდრე ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების. ბუნებრივია, რაც უფრო გაძლიერდება პოლონეთი ევროკავშირში ჩვენი შანსები მით უფრო გაიზრდება”. – აცხადებს “მეტრონომთან” საუბარში პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი.

რაც შეეხება ბრიტანეთის გასვლას და მის გავლენას ევროგაერთიანებაზე გოგოლაშვილს მიაჩნია, რომ ევროპისთვის ეს რთული გადაწყვეტილება იყო, რომელიც მრავალმა ფაქტორმა განაპირობა.

“ბრიტანეთის გასვლა მრავალმა ფაქტორმა განაპირობა. ის ბოლომდე არ იყო ინტეგრირებული ევროკავშირში და ყოველთვის ჰქონდა განსხვავებული მიდგომები თავის სტატუსიდან გამომდინარე. მთლიანობაში ბრიტანეთს ბევრად უფრო მეტი წინაპირობა ჰქონდა დაეტოვებინა ევროკავშირი, ვიდრე ევროკავშირის ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს. ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვებით სირთულეების მიუხედავად არ დაინგრევა, თუმცა ნებისმიერი პატარა სახელმწიფოსთვის ევროკავშირის დატოვება  ცუდი იქნება, მაგალითად ნიდერლანდებისთვის. რაც შეეხება საქართველოს საკითხს, ბრიტანეთის ეს გადაწყვეტილება ბევრს არ უნდა ნიშნავდეს, უბრალოდ ქვეყნის შიგნით არსებულ ევროსკეპტიკოსებს მეტი სალაპარაკო მიეცემათ. შესაძლოა მოკლევადიან პერსპექტივაში ხალხში ევროსკეპტიციზმი გაიზარდოს, სანამ ისინი გაიგებენ, რომ რეალურად ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან არაფერს არ ცვლის. ჩვენი მიზნებისთვის ევროკავშირი აუცილებლობაა. ბრიტანეთს შეუძლია მარტო არსებობა, საქართველო კი ამას ვერ შეძლებს. თუ ჩვენ უარს ვიტყვით ევროინტეგრაციაზე უფრო ცუდი ქვეყნების გავლენის ქვეშ მოვექცევით”. – აცხადებს გოგოლაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გადევან ფოფხაძის განმარტებით მნიშვნელოვანია ევროპამ ერთიანობა შეინარჩუნოს და სწორედ ამ ერთიანი ევროპის ნაწილი გახდეს.

“ინგლისის გასვლა არ შეიძლება ევროპულ ერთიანობაზე არ აისახოს. ევროპა ერთიანი წარმომიდგენია. ერთიანი ევროპა ინგლისის გარეშე მთლად ერთიანი ვერ იქნება. არ ვიცი საქართველოსთან მიმართებაში პერსპექტივაზე რაზე შეიძლება საუბარი, თუმცა საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია საჭიროა. ევროპის ერთიანობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთიანი ევროპა ევროპისთვისაა მნიშვნელოვანი, ხოლო საქართველოსთვის ერთიანი ევროპის ნაწილი რომ იყოს ისაა მნიშვნელოვანი. მგონია, რომ რეფერენდუმმა ჩვენი ევროინტეგრაციული გეგმები არ უნდა შეცვალოს”.- აცხადებს “მეტრონომთან” საუბარში ფოფხაძე.

ევროპის გამოფხიზლებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ისაუბრა. მინისტრს მიაჩნია, რომ Brexit ევროკავშირში ცლილებების დასაწყისი იქნება.

“დიდი იმედი მაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, ევროკავშირის სიძლიერე არ დაზარალდება ამ რეფერენდუმის შედეგით. ეს არის ერთი ძალიან დიდი პროცესის დასაწყისი, რომელიც ევროპისთვის შეიძლება იყოს მძიმე, მაგრამ გამომაფხიზლებელი. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ რეფერენდუმის შედეგი ევროპის გამომაფხიზლებელი იქნება. ” – აცხადებს ხიდაშელი

რაც შეეხება ევროსკეპტისკოს თუ პრორუს ქართველ პოლიტიკოსებს ისინი ევროკავშირის დაშლაზე მიუთითებენ. პარლამენტის წევრ თამაზ მეჭიაურს, მიაჩნია, რომ ბრიტანელებმა გონივრული გადაწყვეტილება მიიღეს.

“ჩვენ რომ ევროკავშირში შევალთ, იქ აღარავინ დაგვხვდება. ბრიტანელებს კიდევ აქვთ სურვილი შეინარჩუნონ ტრადიციები, ისტორია, ევროპელობა და წინ აღუდგნენ იმ ტენდენციას, რომელიც ფაქტიურად ეროვნებებს შორის განმასხვავებელ ნიშნებს სპობს. ვფიქრობ რომ, შეიძლება ეს გაგრძელდეს და შეიძლება მივიღოთ ისეთი ევროკავშირი, სადაც მეტი იქნება აზიური თუ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, ვიდრე ევროპელები. ყოველ შემთხვევაში, ჩვენც უნდა გადავხედოთ გამოკითხვის შედეგებს . თუ ერთი მხრივ, ამართლებენ, რომ ბრიტანეთი ევროკავშირის გარეშეც შეინარჩუნებს იმ ტრადიციებს ისეთივე წარმატებით, ჩვენც არავინ გვიშლის ყოველგვარი ვალდებულების გარეშე გადმოვიღოთ ყველაფერი კარგი. სანაცვლოდ არ დავთმოთ ჩვენი ფასეულობები.“ – ამბობს მეჭიაური.

“დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამტკიცებს, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის და უკრაინისთვის ვეღარ მიიცლის და ევროინტეგრაციის პროცესი არარეალისტურია.

“უკრაინაში უკვე გაკეთდა განცხადებები, რომ ევროპა ვეღარ მოიცლის უკრაინის, საქართველოს და სხვა მსგავსი ქვეყნებისათვის და ვიზალიბერალიზაციაზე ლაპარაკიც არაეფექტური და არარეალისტური იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ უმძიმესი პერიოდის განმავლობაში ევროპა გაუმკლავდეს სირთულეებს და სწორი პოლიტიკის განხორციელება გახდეს შესაძლებელი. ისეთი პოლიტიკის, რომელიც იქნება მართლაც დამოუკიდებელი პოლიტიკა და რომელიც ევროპის და ევროპის ქვეყნების ინტერესებისათვის იქნება მიმართული“.- ამბობს ბურჯანაძე.

კასპაროვი Guardian-ში გამოქვეყნებულ სტატია შემდეგი სიტყვებით ამთავრებს: “ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა უფრო მეტ მხნეობასა და გამბედაობას მიანიჭებს განხეთქილების მომხრე ძალებს. იგი ასევე წარმატებას მოუტანს ტერორისტულ დაჯგუფებებს, რომლებიც უკვე აქტიურად მოქმედებენ ევროპაში და მის საზღვრებს გარეთ. ასევე რუსეთის დიქტატორს, რომელიც უკვე ცდილობს ამ საზღვრების დარღვევას”. – წერს კასპაროვი.

მარიამ ვარადაშვილი

 

 

იტვირთბა....