შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმის არსებით განხილვაზე დაიკითხა ექსპერტი, რომელმაც მოკლულების, თორნიკე და ომარ ქაფიაშვილების გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარა. ექსპერტმა ელენე ჭითანავამ, აღნიშნა, რომ ომარ ქაფიაშვილის სიკვდილის მიზეზი ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა გახდა.
“ომარ ქაფიაშვილის ცხედარს ნაჭდევები ჰქონდა გულ-მკერდის არეში, ასევე სისხლსნაჟღენთები. მარჯვენა ყურის ნიჟარაზე ჰქონდა ნაფლეთოვანი ჭრილობა, რომელიც ყურს ორ ნაწილად ყოფდა. ყურს რომ რაიმე ნაწილი აკლდეს, ამას აუცილებლად დავაფიქსირებდი დასკვნაში. გარდა ამისა გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე ჰქონდა დაზიანება ნაჭდევების სახით და ეს მიდამო დასვრილი იყო მიწის ნაწილებით”, – განაცხადა ექპერტმა.
რაც შეეხება თორნიკე ქაფიაშვილს, ექსპერტის დასკვნით მისი გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა. “თორნიკე ქაფიაშვილი ცხვირ-პირის შესავლების გადაკეტვის შედეგად გარდაიცვალა. მას აღენიშნებოდა თვალის, ტუჩისა არეში და ცხვირ-ტუჩის გარშემო სისხლჩაქცევები. მარცხენა ყურის უკან ჰქონდა სისხლნაჟღენთი. ასეთი დაზიანება შეიძლება ფრჩხილმაც გამოიწვიოს”, – განაცხადა ექპერტმა. მისივე თქმით ბავშვს მძიმე პათოლოგია არ ჰქონია და აღენიშნებოდა მხოლოდ გარკვეული სახის ალერგიული ფონი.
შეგახსენებთ, რომ ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ გვამების სურათების გამოკვლევამდე დარბაზიდან გასვლა ითხოვა, მისი თხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა. ის დარბაზში დაბრუნდება, როდეააც გვამების გამოკვლევა დასრულდება.