ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელფასი 500-მდე დასაქმებულს ეზრდება

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის მედიატორის როლის შემსრულებელმა ლევან ჟორჟოლიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელფასი 500-მდე დასაქმებულს ეზრდება:

”იმ პირებს, რომლებსაც ხელფასი ჰქონდათ 500-დან 1000 ლარამდე, ხელფასი გაეზრდებათ 20%-ით, ხოლო იმ პირებს, რომლებსაც ხელფასი ჰქონდათ 1000-დან 1500 ლარამდე – გაეზრდებათ 10%-ით. ასევე გათანაბრდა იმ პირების ხელფასები, რომლებიც სხვებთან შედარებით აკეთებდნენ ზუსტად იგივე საქმიანობას, ჰქონდათ იგივე პასუხისმგებლობა”, – აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, მხარეების ურთიერთობის არასწორი ფორმა აღმოიფხვრა და ახლა მხარეები ურთიერთობენ სწორი ფორმით:

”ასევე მოხდა კიდევ ერთი უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მხარეებმა განსაზღვრეს შეთანხმების აღსრულებისა და მონიტორინგის მუხლი შესაბამის ხელშეკრულებაში”, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის გიორგი გვიმრაძის თქმით, ხელფასის მატება ეხებათ თანამშრომლებს, რომლებიც ერთ წელზე მეტია უკვე მუშაობენ საზოგადოებრივ მაუწყებელში, ანუ ერთხელ მაინც გაუგრძელდათ კონტრაქტი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველადი პროფკავშირის წევრის, ლაშა მესხის ინფორმაციით, პროფკავშირის წევრების მოთხოვნების ნახევარი ბოლომდე ჯერ კიდევ არ დაკმაყოფილებულა, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს მაინც არის მცირე  გამარჯვება.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის 83-მა თანამშრომელმა გაფიცვის დაწყება დააანონსა, თუ ხელფასებს არ მოუმატებდნენ.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტი და პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა მესხის თქმით, საზოგადობრივი მაუწყებლის თანამშრომლები ხელფასების 20%-დან 50%-მდე მატებას ითხოვდნენ.

იტვირთბა....