ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმის არსებით განხილვაზე, ბრალდებულმა საქმის ერ-ერთ გამომძიებელს, ნუგზარ ნათელაშვილს პრეტენზიები წაუყენა. მისი თქით, დაკავების შემდეგ მას არ განუმარტეს, რომ ბრალდებულს დუმილის უფლების გამოყენება შეეძლო, უარი უთხრეს ადვოკატის ყოლაზე და როდესაც ცუდად იყო, სასწრაფო არ გამოიძახეს. გარდა ამისა, მისი თქმით, აიძულებდნენ, რომ გამოძიების ვერსიით, მისი მეგობარი მამაკაცისთვის, ოთარ ბერძენიშვილისთვის დაედო ხელი.
ბრალდებულმა ისიც განაცხადა, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“სამხილებელი თქვენ ხართ პირველ რიგში ჩემი მხრიდან. ამ ქვეყანაში არაფერს აზრი არ აქვს. რატომ არ გამაცნეს ჩემი უფლებები, რომ დუმილის უფლება მქონდა. თქვენ როცა გინდათ ჭკვიანს მეძახით, როცა გინდათ შეურაცხადს. მესამე დღეს გამაცნეს უფლებები. გამომძიებელ თამარ ზედგენიძეს ვთხოვდი ადვოკატს, მაგრამ მეუბნებოდა ამის უფლება არ გაქვსო. ზედგენიძე ჩემს შვილს ხორცმეტს ეძახდა. ხელებზე დაზიანება იმიტომ მქონდა, რომ ჩემს შვილს ხელოვნური სუნთქვის მასაჟს ვუტარებდი. კატეგორიულად უარყოფთ თქვენ ჩემს წამებას მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ შემოსულხართ ოთახში. სასწრაფო არ გამოიძახეს როდესაც ცუდად ვიყავი. პოლიციელი შემოვიდა და იმ პოლიციელებს, რომლებიც ჩემთან ოთახში იყვნენ უთხრა – დაადოს ხელი ბერძენიშვილს თორემ სიკვდილს ჩავახედებ თვალებშიო”’, – მიმართა გამომძიებელს მაგდა პაპიძემ.
გამომძიებელმა ნუგზარ ნათელაშვილმა პაპიძის ყველა ბრალდება უარყო.
შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძეს შვილისა და ქმრის მკვლელობაში ედება ბრალი. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბრალდების მხარის მიერ მოწმეთა დაკითხვა. დღეს მთელი დღის განმავლობაში საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი ნუგზარ ნათელაშვილი მოწმის სახით იკითხებოდა.