60 ათასი ლარი დაკარგული მილიონების სანაცვლოდ
უცნაურია, მაგრამ, მაშინ როცა 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად, სახელმწიფოს, კონკრეტულად კი თბილისის მერიას, უამრავი ბიზნესმენი, კერძო პირი თუ არასამთავრობო დაუდგა გვერდით, 5 უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი კვლავ დაუსახლებელი რჩება.
უფრო მეტად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ 5 დაზარალებულში ცნობილი მეცნიერის და პროფესორის, ვახტანგ გურგენიძის შვილის ოჯახიცაა, რომელმაც სახელმწიფოს უნიკალური საარქივო მასალა დაუტოვა.
უფრო მეტი კონკრეტიკისთვის, 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა შორის არის 5 ოჯახი, რომლებიც 2007 წლამდე უკვე ცხოვრობდნენ იმ ტერიტორიაზე, რომელიც წყალდიდობამ 2015 წლის 13 ივნისს დაანგრია.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ამ ოჯახებს საცხოვრებელი ტერიტორია არ გაუფორმეს, რადგან სარეკრეაციაო ზონად გამოაცხადეს (თუმცა მათი იქ ცხოვრება არც უკანონოდ სცნეს), „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, მათ ასევე არ გადააფორმებინეს ტერიტორია, თუმცა, ასევე, არც კომპენსაციაზე თუ რაიმე სახის დაკანონებაზე უსაუბრიათ.
მაშინ, როცა 13 ივნისის სტიქიამ ამ ოჯახებს სახლ-კარი წაართვა და ღია ცის ქვეშ დატოვა, თბილისის მერიას გაახსენდა, რომ ისინი თურმე უკანონოდ, ტერიტორიის გადაუფორმებლად ცხოვრობდნენ და ამიტომ, ეს ოჯახები დაზარალებულებადაც კი არ სცნო.
რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა: შესაძლებელია თუ არა, რომ მერიამ ამ 5 ოჯახით დაზოგა ის თანხა, რაც რეალურად ეკუთვნოდათ დაზარალებულებს? თანხა კი საკმაოდ სოლიდურია და სავარაუდოდ, ორ მილიონამდე დოლარს უტოლდება.
მეორე მხრივ, თბილისის მერიას აქვს პასუხი, რომლითაც დაზარალებულების წინაშე ერთი შეხედვით, პირნათელი გამოდის. „მეტრონომისთვის“ მერიის მიერ გამოგზავნილ დოკუმენტში ნათქვამია:
„13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესი განისაზღვრა – საკრებულოს #17-66 დადგენილებით.
დაზარალებული პირები (ოჯახები) იყოფიან ორ ძირითად კატეგორიებად:
1 – კატეგორია, დაზარალებული პირი, რომლის საცხოვრებელი სახლი დანგრეულია, ან დაზიანებულია სტიქიის შედეგად და არ ექვემდებარება რეაბილიტაციას;
2 – დაზარალებული პირი, რომლის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია სტიქიის შედეგად, თუმცა ექვემდებარება რეაბილიტაციას.
პირველ კატეგორიაში შემავალ ოჯახებს კომპენსაციის მიღება შეუძლიათ როგორც სულადობის, ასევე საცხოვრებელი ფართის საშუალო საბაზრო ღირებულების შესაბამისად.
* 1-2 წევრიანი ოჯახისათვის – 45 კვ. მეტრი ღირებულებით;
* 3-4 წევრიანი ოჯახისათვის – 65 კვ. მეტრი ღირებულებით;
* 5-6 წევრიანი ოჯახისათვის – 90 კვ. მეტრი ღირებულებით;
* 7 და მეტ წევრიანი ოჯახისათვის – 110 კვ. მეტრი ღირებულებით.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #17-66 დადგენილების 5-ე მუხლის თანახმად, დაზარალებულ პირებს (ოჯახებს) საოჯახო ნივთების შესაძენად მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება რომელიც განისაზღვრება:
* 1-2 წევრიანი ოჯახისათვისწ 8 000 ლარით.
* 3-4 წევრიანი ოჯახისათვის 8 700 ლარით.
* 5-6 წევრიანი ოჯახისათვის 9400 ლარით.
* 7 და მეტ წევრიანი ოჯახისათვის 10 500 ლარით.
* 25 ოჯახს კომპანია „ალდაგმა“ გადასცა ტელევიზორი და მაცივარი.
* 20 სტუდენტს მერიის მიერ დაუფინანსდა სწავლის საფასური.
* იმ ოჯახებს, რომლებმაც 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაკარგეს ოჯახის წევრი, თბილისის მერიამ ჩაურიცხა 10 000 ლარი.
* მოსკოვში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენებმა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს გადასცეს ბინები.
სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საკუთრების მოწმობა, მაგრამ რეალურად ცხოვრობდნენ სტიქიის ზონაში და დაენგრათ საცხოვრებელი სახლები, კერძო სექტორის წარმომადგენლები გადასცემენ ბინებს. სულ 13 ოჯახიდან 8-ს უკვე გადაეცა. (რომან ფიფიამ გადასცა 5 ბინა, ისრაელის პალატა – 2 ბინა, wisol-მა 1 ბინა)
დანარჩენ ხუთ ოჯახსაც შეთავაზება უკვე გაუკეთდათ, თუმცა ისინი უარს აცხადებენ როგორც ბინის მიღებაზე, ასევე ფულად კომპენსაციაზე.
ამ ოჯახებს საკრებულოს #29-121 დადგენილების მიხედვით, ერიცხებათ ფულადი კომპენსაცია შემდეგი ოდენობით:
1-2 წევრიანი ოჯახებისთვის 30 000 ლარი;
3-4 წევრიანი ოჯახებისთვის 45 000 ლარი;
5-6 წევრიანი ოჯახებისთვის 60 000 ლარი;
7 და მეტწევრიანი ოჯახისათვის 75 000 ლარი.
ვინაიდან წესი ვრცელდება ყველა იმ ოჯახზე,რომლებსაც არ გააჩნდათ საკუთრების მოწმობა, მერია რიგ შემთხვევებზე გამონაკლისს ვერ დაუშვებს. წესის შესაბამისად ბინა და კომპენსაცია უკვე მიიღო 8 ოჯახმა. იმედია ეს 5 ოჯახიც დათანხმდება ბინისა და კომპენსაციის მიღებას.“
თითქოს თბილისის მერიასთან კითხვის ნიშნები არ რჩება, მაგრამ იმ ფაქტს, რომ 5 ოჯახს, რომელთაც წლების განმავლობაში სტიქიის შედეგად დანგრეულ ტერიტორიაზე ჰქონდათ საკუთარი სახლ-კარი და ეზო, სტიქიის მერე დაზარალებულის სტატუსიც მიღებაც კი გაუჭირდათ, ხოლო კომპენსაციად მიზერული თანხა და ერთი ადამიანის საცხოვრებლადაც შეუძლებელი პირობები მიიღეს, მერია ვერ გაექცევა.
„მეტრონომი“ წარმოგიდგენთ ერთ-ერთ დაზარალებულს, მეცნიერი ვახტანგ გურგენიძის შვილის 5-სულიან ოჯახს, რომელსაც 330 კვადრატის ფართობის მქონე საკუთარი სახლი სტიქიამ სრულად გაუნადგურა, ხოლო თბილისის მერია კომპენსაციისთვის 60 000 ლარს სთავზობს.
დაზარალებული, მზია გასვიანი-გურგენიძე:
„13 ივნისს ეს ტრაგედია, რომ მოხდა, არც გვჯეროდა, რომ სახლი დაგვენგრა. მდინარესთან ახლოს არ ვიყავით და ვფიქრობდით, სტიქია ასე არ შეგვეხებოდა. წყალდიდობის იმ ღამეს, მეზობელმა გვითხრა, რომ სახლიდან გავსულიყავით, თორემ არც ვაპირებდით… 3 მოზარდით, ოჯახმა ღამე ახლობელთან გავატარეთ, ხოლო მეორე დღეს, რომ დავბრუნდით, მეგონა გული გამისკდებოდა: მიწასთან დაგვხვდა ყველაფერი გასწორებული.
სტიქიის შემდეგ შეაფასა ექსპერტიზის ბიურომ ყველა სახლი. ჩვენ გვერდით მდგომი სახლი 200 000-ად შეაფასა და დაახლოებით ამ ღირებულების კომპენსაცია მისცა. ორივე სარეკრეაციო ზონაში ვართ, მაგრამ ჩვენ უარს გვეუბნებიან, მეზობელ სახლზე კი ამბობენ, სარეკრეაციო არ იყოო. ჩვენ 60 000 ლარს გვაძლევენ.
ამ ტერიტორიაზე სახლის აშენებისთვის კეკელიძეზე გავყიდეთ ბინა. ათი წელი იდგა ჩვენი სახლი ამ თურმე სარეკრეაციო ზონაში და არავის არაფერი უთქვამს, არც იმ ხელისუფლების, არც ამ ხელისუფლების დროს. ჩვენი სახლი მდინარის ადიდებისას გვირაბში დაგუბებულმა წყალმა დაანგრია…
სახლზე მეტი დავკარგეთ: უნიკალური ბიბლიოთეკა, რომელიც მამამთილისგან, ვახტანგ გურგენიძისგან დაგვრჩა. ყველა წიგნი ავტორის მიერ იყო ნაჩუქარი. უნიკალური საარქივო ეგზემპლარების ნაწილი ჩემმა მამამთილმა და მეუღლემ სახელმწიფოს დაუტოვა. მამამთილი, ვახტანგ გურგენიძე, წმინდა ილია მართლის ოქროს ბეჭდის პირველი მფლობელი, პროფესორი და მეცნიერი გახლდათ. აღმოსავლეთმცოდნე და პედაგოგი, 30 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალურ არქივს, რომელიც 1970 წელს მისი ინიციატივით დაარსდა და წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ფონდით შეივსო. ვახტანგ გურგენიძის გარდაცვალების შემდეგ მისი არქივი ლიტერატურისა და ხელოვნების არქივს, მისმა ვაჟმა, ჩემმა მეუღლემ, დავითმა საჩუქრად გადასცა.
1955 წელს, მესხეთ-ჯავახეთში მოგზაურობისას გალაკტიონ ტაბიძე თავის დღიურებში წერდა: „ვახტანგ გურგენიძე ჩემთან მოვიდა 7 საათზე… 10 საათზე უნდა გავემგზავროთ … ვახტანგს თან აქვს ფოტოაპარატი… ვახტანგი გენიალურია…“. ამ მოგზაურობისას გადაღებული ფოტოები ვახტანგ გურგენიძის პირადი არქივის ნაწილი იყო, რომელიც 13 ივნისის სტიქიის შედეგად სრულად დაიკარგა…
ჩვენი სახლი, 10 წელზე მეტი ხნის წინ ავიშენეთ. მის გარდა სხვა სახლი არ გვქონდა. რადგან გაფორმებული არ იყო, მერიაში გვითხრეს, დაზარალებული არ ხართო, რატომ გვამწარებენ?
ჩვენი სახლის შეფასებაც არ უნდათ. პირადი, კერძო შეფასებით, სახლი ნახევარ მილიონ დოლარამდე ღირდა. მერიამ კი, კომპენსაციის სახით 50 კვადრატული ბინა და 60 000 ლარი შემოგვთავაზა, ისიც მას შემდეგ, რაც მანამდე მხოლოდ 30 000 ლარს გვთავაზობდნენ და უარი ვთქვით.
უცნაური ის არის, რომ ისეთ სახლებს მიანიჭეს პირველი კატეგორია („აღდგენას არ ექვემდებარება“), რომ სინამდვილეში მხოლოდ დაზიანებულია და აღდგენასაც კი არ საჭიროებს. ისეთ ოჯახებს მისცეს კომპენსაცია, საერთოდ რომ არ შეხებია სტიქია… აქ კითხვები ჩნდება, რაიმე გარიგებებს ხომ არ ჰქონდა ადგილი?
ჩვენ, 5 ოჯახი, ვასაჩივრებთ მერიის შემოთავაზებებს. სასამართლოს შედეგად გამოიკვეთა, რომ საკრებულოში, არასამთავრობოების მხრიდან შევიდა ინიციატივა, რომლის მიხედვით ითხოვენ, ჩვენ, 5 ოჯახს ცვლილებები შეგვეხოს და ისევე გამოგვაცხადონ დაზარალებულებად, როგორც სხვა დანარჩენი. სასაცილოა, მაგრამ ახლა არც მოსარგებლეები გვქვია და არც არაფერი. დაზარალებულებადაც არ ვიწოდებით.
5-სულიანი ოჯახი ვართ, 15-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებით, ერთ ოთახიანში ფიზიკურად როგორ ვიცხოვროთ?..
სტიქიის შემდეგ გვითხრეს, ჩვენც გვეკუთვნოდა ზარალის შეფასება და ამის მიხედვით კომპენსაცია. შემდეგ კანონი სასწრაფოდ შეცვალეს და მოსარგებლეები, ანუ ის ოჯახები, რომლებსაც ტერიტორია გაფორმებული არ გვქონდა, დაზარალებულადაც არ გვცნეს. ჩვენი აქტიური მოთხოვნის შემდეგ, თავიდან ფონიჭალში, უფანჯრო, ფეხბურთელების საერთო საცხოვრებელს გვთავზობდნენ. ეს რომ არ მივიღეთ, პირადად ჩვენ ოჯახს დაურეკეს, დიღომში ერთი ბინაა დარჩენილი, შავი კარკასით, ხვალ ესეც არ იქნება, დროზე მოიფიქრეთო… სახლი მქონდა 330 კვადრატული ფართობით და ეზოთი და მეუბნებიან, დიღომში, 50 კვადრატულში, შავი კარკასით, 5-სულიანი ოჯახი გადადითო…
ჩვენი მესამე უარის შემდეგ გვითხრეს, 60 000 ლარს და ბინას მოგცემთო, თუმცა რას უწოდებენ ბინას და სად იქნება-არავინ გვეუბნება. ჩვენი სახლის შეფასება კატეგორიულად არ უნდათ.
იმიტომ, რომ მოსარგებლეებადაც კი არ გვცნეს, იმ დახმარებასაც კი ვერ ვიღებდით, რაც 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულებს ეკუთვნოდათ. ძალით ვაკითხავდით და ვეხვეწებოდით, რომ ჩვენც გვეკუთვნოდა.
ახლა, სასამართლოში 5 ოჯახის საერთო განცხადებაა. ვითხოვთ ზარალის შესაბამის კომპენსაციას, კონკრეტულად კი, 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულებისთვის სპეციალური კანონი შეიმუშავეს და ამ კანონში ჩვენც, მოსარგებლეებიც მოვიაზრებოდით. კანონით ყველას თანაბრად უნდა მიეღო ზარალის შესაბამისი კომპენსაცია. შემდეგ კი ქონების მართვის სააგენტომ შეიტანა ცვლილება კანონში და ჩვენ მოსარგებლეებადაც კი არ ჩაგვთვალეს.
ერთ დღეს მოგვივიდა წერილი, რომ დაზარალებულებიც კი არ ვიყავით. კომპენსაცია არ გეკუთვნითო, ვინაიდან სახლი დაკარგეთ, ერთჯერადად საცხოვრისის გაუმჯობესებისთვის მოგცემთ კომპენსაციასო. 13 ივნისის წლისთავზე ქონების მართვის სააგენტოდან ოფიციალურად მივიღეთ სასწრაფო წერილი, ერთჯერადად აიღეთ თანხაო.
ქონების მართვის სააგენტოს და მერიას ვუჩივით. ადვოკატი საიადან გვყავს, ნიკა სიმონიშვილი. ხელისუფლებისგან დახმარებას ველოდებით…
„მეტრონომი“ დაზარალებული ოჯახების ადვოკატს, ნიკა სიმონიშვილსაც დაუკავშირდა. ადვოკატის განცხადებით, ოჯახები პირველი კატეგორიის დაზარალებულები არიან, შესაბამისად, ზარალის მიხედვით ანაზღაურებული კომპენსაცია ეკუთვნით:
ნიკა სიმონიშვილი, („საია“, ადვოკატი): საკრებულომ მიიღო დადგენილება დაზარალებული ოჯახების კომპენსირებასთან დაკავშირებით. ეს 5 ოჯახი ექცევა პირველ კატეგორიაში, ანუ იმ ოჯახებში, რომელთაც სტიქიის შედეგად სრულად გაუნადგურდათ ქონება. მერიას რომ მიმართეს ამ ოჯახებმა, იქ უპასუხეს, რომ საკუთრების უფლება არ გქონდათ და ამიტომ უარს გეუბნებით კომპენსაციაზეო. მაგრამ წესი ითვალისწინებს, რომ საკუთრების უფლების აღიარება საერთოდ არ არის საჭირო, შესაბამისად, ისედაც უნდა გაეცათ კომპენსაციები. მერიამ უარი გვითხრა ადმინისტრაციულ საჩივარზე. ახლა, სასამართლოში მოსამზადებელი პერიოდი მიდის.
„მეტრონომი“: რა მოლოდინი გაქვთ, მიიღებენ ეს ოჯახები იმას, რაც ეკუთვნით?
– მოლაპარაკებაც მიდიოდა, რომ მხარეებს შორის მორიგება შემდგარიყო. შეიძლებოდა ორივე მხარეს დაეთმო პოზიცია, თუმცა, ის შემოთავზება, რაც მერიამ გააკეთა, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი მხარისათვის არახელსაყრელი იყო. გაცილებით ნაკლებ კომპენსაციას გვთავაზობდნენ, ვიდრე ზარალი მიადგათ. საკრებულოც არის ჩართული ამ 5 ოჯახის დაკმაყოფილებაზე და ცდილობენ მერიასთან შუამდგომლობა გაგვიწიონ. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მორიგება მოხდება, ამ შემთხვევაში, სასამართლოში საქმის შეწყვეტის საფუძველი გვექნება.
– ის, რომ მოსარგებლეები იყვნენ და საცხოვრებელი ტერიტორია არ ჰქონდათ გაფორმებული, კანონდარღვევა არ არის?
– ამას თვითონ კანონიც უშვებს, რომ 2007 წლამდე ვისაც ჰქონდა დაკავებული მიწის ნაკვეთი, ექვემდებარებოდა ლეგალიზებას. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს ვერ მოხდა, ეს ტერიტორია რეკრეაციული ზონა იყო, მაგრამ ამ სტატუსს ყურადღება არავინ უნდა მიაქციოს, რადგან ჩვენ საკუთრების უფლების აღიარებას კი არა, ზარალის მიხედვით კომპენსაციის გაცემას ვითხოვთ. ამიტომაც წერია საკრებულოს წესში, რომ საკუთრების უფლების აღიარების გარეშე უნდა ხდებოდეს კომპენსაციის მიცემა. აქედან გამომდინარე მერიის პასუხი სწორი არ არის.
მიიღებენ თუ არა დაზარალებული ოჯახები სამართლიან კომპენსაციას? ეს კითხვა ამ ეტაპზე უპასუხოა. მეცნიერ ვახტანგ გურგენიძის შვილის ოჯახი, დანარჩენ 4 ოჯახთან ერთად, დანებებას არ აპირებს და მერიის შემოთავაზებას სასამართლოში ასაჩივრებს. მოახერხებს კი უსახლკაროდ დარჩენილი 5 ოჯახი სახელმწიფო უწყების წინააღმდეგ საქმის მოგებას?..
სულ რომ უკანონოდ ჰქონოდა ამ 5 ოჯახს ტერიტორია დაკავებული და ამაში წინა ხელისუფლების ხარვეზი ჩანდეს, ახალ ხელისუფლებას, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიამდე ჰქონდა 3 წელი, რომ ეს უკანონობა გამოესწორებინა და ოჯახებისთვის ან გაეფორმებინა ტერიტორია, ან კომპენსაცია მიეცა და ისე გაესახლებინა. ხოლო 13 ივნისის სტიქიის, ტრაგედიის შემდეგ აპელირება გაუფორმებელ ტერიტორიაზე და კომპენსაციის სახით, ამ ოჯახებისთვის მიზერული შეთავაზებების გაკეთება, არათუ ხელისუფლების და კონკრეტულად მერიის გაუმართავ მუშაობაზე, არამედ სავარაუდო კორუფციასა და შერჩევით სამართალზე უფრო მიუთითებს.
მანა ნოდია