საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდული ცენტრი საქართველოში ფუნქციონირებად ბანკებს მიმართავს. ცენტრის ხელმძღვანელის, ნოდარ თათვიძის თქმით, ბანკების გარკვეულ რაოდენობას აქვს სტუდენტური სესხის პაკეტი, თუმცა ეს პაკეტი არ არის სტუდენტთა ფართო სეგმენტზე გათვლილი და მორგებული.
”სტუდენტური სესხით სარგებლობა უმეტეს შემთხვევაში შეუძლია მხოლოდ მათ, ვისაც აქვს სამსახური და ფიქსირებული შემოსავალი ყოველთვე. სესხებზე ასევე არის მაღალი საპროცენტო განაკვეთი. ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნული საკითხი სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ დღეს საქართველოში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, სწორედ ამიტომ თხოვნით მივმართავთ ბანკებს, რომ მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე შექმნან სტუდენტებზე მაქსიმალურად მორგებული პაკეტები, რომელიც გათვლილი იქნება უფრო ფართო სეგმენტზე, ვიდრე ამ ეტაპზეა და უფრო მეტ ახალგაზრდას მისცენ შესაძლებლობა ისარგებლონ სესხით, რა თქმა უნდა, შეღავათიანი პირობებით. ასევე საჭირო და აუცილებელია მოხდეს ახალგაზრდების უფრო მეტად ინფორმირება ამ საკითხთან დაკავშირებით” – აცხადებს თათვიძე.