ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რკინიგზაში უარყოფენ, რომ ახალჩამოყვანილი მატარებლები გვირაბში არ ეტევა

”საქართველოს რკინიგზამ” “Stadler”-ის ფირმის მატარებლების შეძენა მხოლოდ რუსეთის ფედერაციისთვის დახმარების გამო გადაწყვიტა, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სამოქალაქო პლატფორმა – ”ახალი საქართველოს” წევრმა გივი კუბლაშვილმა განაცხადა. კუბლაშვილმა დეტალურად ისაუბრა ”საქართველოს რკინიგზის” მიერ 40 მილიონ ევროდ შეძენილ “Stadler”-ის ფირმის ორსართულიანი სამგზავრო მატარებლების შეძენაზე. მისი თქმით, აღნიშნული მატარებლები წიფის გვირაბში ვერ გავლენ.

”როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ”საქართველოს რკინიგზამ”, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელშეკრულება გააფორმა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით და ავანსის თანხა გადარიცხა, დაიწყეს იმის კვლევა თუ რამდენად შეძლებდა მატარებელი წიფის გვირაბში გავლას, ამისათვის აეგო სპეციალური მაკეტი და დადგინდა შემდეგი:

როგორც რკინიგზელებთან კონსულტაციით დადგინდა, გვირაბში გავლას ერთდროულად ორი მატარებელი ვერ შეძლებს და გვირაბის მონაკვეთზე მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 40 კმ/საათს;

უნდა მოხდეს საკონტაქტო ხაზების რეკონსტრუქცია, რადგან ქსელის სიმაღლე 5,55 მ-დან იწყება და 6,8 მ-მდე მერყეობს, თავად მატარებლის სიმარლე კი 5,24 მეტრია, ამას დამატებული ელექტრო მიმღების მოწყობილობა;

აღნიშნული მატარებლებისთვის დეპო არ არის მზად და საჭიროებს რეკონსტრუქციას;

2016 წლის 9 ივნისს, შ.პ.ს. „კანო“-სთან დადებული ხელშეკრულებით უნდა მოხდეს ურეკის ვაგზალზე ბაქანის რეკონსტრუქცია, რათა მგზავრმა შეძლოს მატარებლიდან ჩამოსვლა.

მთელი რიგი პრობლემებიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ ”საქართველოს რკინიგზამ”, აღნიშნული მატარებლების შეძენა მხოლოდ რუსეთის ფედერაციისთვის დახმარების გამო გადაწყვიტა, რადგან აღნიშნული მატარებლები დამზადებული იყო „დომოდედოვოს“ აეროპორტიდან მგზავრების მოსკოვის ცენტრამდე ტრანსპორტირებისთვის, რუსეთმა ვეღარ შეძლო საჭირო თანხის გადახდა და დამზადებული 8 მატარებლიდან 4 საქართველომ წამოიყვანა, ხოლო 4 აზერბაიჯანმა.

ისმის კითხვა, საქართველოს გადამხდელების მიერ შეგროვებული ბიუჯეტიდან თანხა, რატომ უნდა იხარჯებოდეს რუსეთის დასახმარებლად და ისეთი მატარებლელბის შესაძენად, რომლისთვისაც საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა არ არის მზად”,- აცხადებს კუბლაშვილი.

“მეტრონომი” საქართველოს რკინიგზას დაუკავშირდა. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის დაჩი ცაგურიას თქმით, კუბლაშვილის განცხადებები უსაფუძვლოა და მას ამ განცხადებების გამო ბოდიშის მოხდა მოუწევს.

“ვაშაძის კომკავშირის მდივანმა ახლა აღმოაჩინა, რომ ჭითაში გვირაბია. გმადლობთ, ჩვენ ეს დიდი ხანია ვიცით. ძალიან არასერიოზული და არაკომპეტენტური განცხადებაა: თურმე გვირაბში არ ეტევა, თურმე რუსების დასახმარებლად გვიყიდია. როცა მატარებელი ჩამოვა და გვირაბში გაეტევა შემდეგ რას იზამს ვაშაძის კომკავშირის მდივანი, ბოდიშს მოიხდის? საინტერესოა მატარებლის ჩამოსვლის შემდგომ თუ მოიხდის ბოდიშს იმისთვის, რომ თქვენ და ბევრი ადამიანი შეცდომაში შეიყვანა. ის შეგნებულად ცდილობს ხალხის მოტყუებას.” – აცხადებს ცაგურია.

ცაგურია განმარტავს, რომ რკინიგზა სანამ მატარებლებს შეიძენდა ყველა კრიტერიუმი გაითვალისწინა და ეს აჟიოტაჟი უადგილოა.

იტვირთბა....